воскресенье, 20 сентября 2009 г.

ბიზნესმენი (მოთხრობა)

ნათესავის დაბადების დღეზე წასვლა დიდად არც მინდოდა, მაგრამ ვალდებულებებს ვერსად გავექეცი და უხალისოდ წავედი. ვიცოდი მხიარული საზოგადოება იქნებოდა და მოსაწყენად მაინც არ მეცლებოდა, ეს იყო დამატებითი მიზეზი და წავედი. მისვლისას აღმოჩნდა, რომ იმ საზოგადოების გარდა ახალი ნაცნობობაც მელოდა წინ.
გურამი, რომლის გვერდითაც მე სუფრაზე მოვხვდი, დაახლოებით 45-47 წლის მამაკაცს წარმოადგენდა, წვრილთვალება და ძლიერი გამომეტყველების, ხელზე დიდი ოქროს ბეჭედი და ოქროს საათი ხაზს უსვავდა მის ფინანსურ სიძლიერეს. არ ვიცი საიდან მოხვდა სუფრაზე, ან ვისი მხრიდან იყო, მაგრამ ყველა რომ მოწიწებით ესაუბრებოდა ვხედავდი. სწორედ სხვების მოწიწებამ ჩემში ზიზღის პირველი ტალღა წარმოშვა, რომელიც ნელნელა იზრდებოდა და მალე ცუნამს მივიღებდი თუ არ გავასწრებდი აქედან, მაგრამ სად? არანაირად არ მინდოდა გონებაში არც ტალღა, არც ცუნამი და არც პანიკა. მშვიდი საღამოს გატარება მერჩივნა, რასაც უკვე გუნებაში ვემშვიდობებოდი კიდეც, თუმცა ვცდებოდი. საღამო მშვიდი იყო და არა ხმაურიანი, თუმცა დაძაბული და ჩახლართული.
-ლიმონათს მიირთმევთ? - ზრდილობის გამო ვკითხე უცნობს, რადგან ლიმონათს ვერ მიწვდებოდა ან დამამხობდა მაგიდას თავზე და ლიმონათს აიღებდა.
-არა, გმადლობთ, ღვინოს გაზიანს არ ვაყოლებ - იმდენად ჩუმად მითხრა, თითქოს საიდუმლოს მიმხელდა და ცდილობდა არავის გაეგო.
-კი ბატონო - ვუპასუხე მეც და ჩემთვის დავისხი, უფრო კი იმიტომ, რომ იგი ამას არ დალევდა და თითქოს ვეჯიბრებოდი კიდეც, აი შენ რომ არ სვავ მე მივირთმევ და გემოსაც კარგად ჩავატანთქო.
-ყმაწვილო არც თქვენ გირჩევთ - მომიბრუნდა ჯერ კიდევ უცნობი გურამი - ჯანმრთელობისთვის არ არის კარგი და ღვინოც უფრო მალე მოგეკიდებათ, რეკომენდაციას გაძლევთ ღვინოსთან ერთად არასდროს დალიოთ გაზიანი სასმელი - დაამთავრა შეგონება და გამიღიმა. საპასუხოდ მეც გავიღიმე, მხოლოდ დაბნეულმა კითხვა შევუბრუნე:
-რატომ იქნება საზიანო გაზიანი ღვინოსთან?
-ღვინო თავისთავად მძიმეა მოსანალებლად და გაზიანით კიდევ უფრო ამძიმებთ, ღვიძლი კი ორივეს ერთად ძნელად ერევა.
-თქვენ ექიმი ბრძანდებით? - ეტყობა ძალიან თვალებგაფართოებულმა ვკითხე, რადგან სიცილით მომიგო:
-არა, მე ბიზნესმენი ვარ - ამაყად გამომიცხადა მან
ცოტა ხმამაღალი მეჩვენა მისი განცხადება, ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია, ეკონომიკა შერყეული და ამ დროს ვიღაც კაცი პრეტენზიას აცხადებს ბიზნესმენობაზე
-უკაცრავად, ვერ მიგიხვდით - თავხედობაზე გადავედი მე
-ნება მიბოძეთ წარმოგიდგეთ, გურამ საყვარელიძე, ბიზნესმენი...
-სულ ბიზნესმენი იყავით? - არ შევეპუე მის ასეთ ხმამაღალ განცხადებას, მაგრამ ეს იმდენად ხმამაღლა გამომივიდა, რომ მთელი სუფრა გაირინდა და ბუზის გაფრენაც კი ისმოდა მიუხედავად ზამთრისა და ბუზის არ არსებობისა. მან ცინიკური გამომეტყველება მიიღო და ხუმრობით მიპასუხა:
-ყმაწვილო, თქვენ როგორ გგონიათ რა ერქვათ გადამყიდველებს კომუნისტების დროს?
-სპეკულანტები, მუქთახორები...
-და თქვენი აზრით ისენი საზოგადოების წურბელები იყვნენ არა?
-იყვნენ თუ არ იყვნენ ეგ ჩემი გასახილავი არ არის, მაგრამ თუ თქვენ მათ ბიზნესმენებს უწოდებთ, ეგ არ ნიშნავს რომ ისენი აუცილებლად მაგ დარგის ხალხი იყო. მე მიმაჩნია, რომ ბიზნესმენები იყვნენ ქარხნის დირექტორები და ხელმძღვანელობა, რომლებიც მართავდნენ საქმეს და არ იყვნენ სხვისი სულის ამოხდაზე გადასულები. ჯინსი რომელიც დღეს 30 დოლარი ღირს მაშინ 70-80 მანეთად იყიდებოდა. შეგახსენებთ ბატონო გურამ, რომ მასწავლებლის ხელფასი იყო 80 მანეთი. გამოდის რომ მას არ უნდა ჩაეცმია შვილისთვის?
გურამს მწარედ გაეღიმა, თუმცა ამ ღიმილით ისარგებლა თამადამ და მორიგი სადღეგრძელო შემოგვთავაზა. სადღეგრძელოს ჩამოვლის შემდეგ დიალოგი გაგრძელდა, თუმცა აღარც ისე ცხარედ და შედარებით რბილ ტონში.
-თქვენ არ გამიმხელთ თქვენს სახელს?
-მიშა დამიძახეთ
-გასაგებია ბატონო მიხეილ...
-მე არ მითქვამს მიხეილი მქვიათქო
-გასაგებია ბატონო მიშა...
-უკაცრავად, ბატონობითაც ნუ მომმართავთ, მე ასაკით თქვენზე გაცილებით პატარა ვარ - არ მიყვარდა როდესაც ზრდილობიან ფორმებს ვინმეს დასამცირებლად ხმარობდნენ
-კარგი, მაშინ თქვენც გურამი დამიძახეთ და ვიყოთ მეგობრები - ნაბიჯი გადმოდგა გურამმა
-არაფერი მაქვს საწინააღმდეგო - არც მთლად ხალისით ვუპასუხე მე
-რას საქმიანობთ მიშა?
-მერიის ერთერთ სტრუქტურაში ვარ წამყვან სპეციალისტად, თქვენ რას საქმიანობთ? - ინტერესი მკლავდა გამეგო მისი ბიზნესის შესახებ
-მე მოგახსენეთ უკვე, რომ ბიზნესით ვარ დაკავებული - ამაყი ტონი ისევ გაისმა მის ხმაში
-რას შეეხება თქვენი ბიზნესი? რას წარმოადგენს, რა სფეროა, მომსახურებაა თუ ვაჭრობა?
-ციტრუსი გამაქვს აქედან ჯერ უკრაინაში, შემდგომ რუსეთში, იქ მეორე ციტრუსზე - აქ უკვე ხმას დაუწია და ჩემსკენ გადმოიხარა - ასაფეთქებელ ციტრუსზე ვცვლი და შემომაქვს უკან.
-ლიმონკა? - არ დავიბენი მე, თუმცა დაბნეულიც ვიყავი და დემორალიზებულიც, უკვე მივხვდი თუ რატომ ესაუბრებოდა მთელი სუფრა მოწიწებით. ეს კაცი იყო იარაღის მსხვილი შემომტანი საქართველოში, თუმა მისი შემოტანილი იარაღი სად მიდიოდა არავინ იცოდა.
-დიახ, დიახ და შემდგომ მას ვუკეთებ რეალიზაციას საქართველოში, ანუ მე სრულიად ქართულ ბიზნესს ვაწარმოებ.
-ვინ არიან თქვენი კლიენტები?
-თავდაცვის სამინისტრო ძირითადად...
-არაძირითადად?
-მიშა გადახედე მაგიდას, აქ არავინ არის უიარაღოდ მოსული...
-მე არ მაქვს იარაღი... - ჩემი რეპუტაციის დაცვა ვცადე მე (სხვათაშორის გამომივიდა)
-ხო, თქვენ გამონაკლისი ხართ, ალბათ არ იცით რა ხდება ქუჩაში და იმიტომ.
-ვიცი და საკმაოდ კარგადაც, უბრალოდ მე თბილისელი ბიჭი ვარ და არ მჭირდება იარაღით ჩემი სახელის დაცვა, ჩემი იარაღი ჩემი ენა და გონებაა...
-ნუ ცხარობთ, გასაგებია თქვენი პოზიცია, მაგრამ აქ საკამათოდ არ ვართ შეკრებილნი მგონი. მე ჩემი საქმე მაქვს და ვაკეთებ ფულს, თუ როგორ ვაკეთებ ეს ჩემს შესაძლებლობებზე ისახება მხოლოდ და არამგონია ვინმეს გასასჯელი იყოს ჩემი საქმე.
ისეთი შეგრძნება დამეუფლა, მეგონა რეციდივისტს ველაპარაკებოდი, არც შევმცდარვარ, თუმცა ჩემი ეჭვები რამოდენიმე წელიწადში გამართლდა.

***
ამ დიალოგის მერე გავიდა 2 წელი, ომი საქართველოში, აფხაზეთის ტერიტორიაზე დაახლოებით წელიწადნახევრის დამთავრებული იყო, ცხინვალში ახლობლის ქორწილში ვიყავი წასული და იქედან ვბრუნდებოდი, ნაცნობმა სახემ ყურადღება მიიქცია და მანქანა შევაჩერე. არც შევმცდარვარ, გურამი იდგა გზის ნაპირთან და ვიღაცას ესაუბრებოდა, იქვე იდგა ახალთახალი ბმვ, რომელსაც საბურავი ქონდა დაშვებული.
-რამე ხომ არ გიჭირთ ბატონო გურამ? -შეკითხვით გადმოვედი მანქანიდან.
-მიშა? შენ აქ როგორ მოხვდი? არაფერი მიჭირს, საბურავი გასკდა და სანამ გამოცვლას დავიწყებდი ახლობელი შემხვდა, გაიცანი ოლეგია მისი სახელი
ახალგაცნობილს ხელი ჩამოვართვი და საბურავს დაკვირვებით დავხედე, ტყვიით იყო გახვრეტილი. გამოდის რომ გურამი გააჩერეს ძალით და თავისიტ არ გაუჩერებია მანქანა.
ოლეგმა რუსულად დაილაპარაკა
-кто этот молодой пацан?
-знакомый мои - უპასუხა გურამმა
-мне приятно познакомиться с вами - ვცადე იოლად ჩავრთულიყავი საუბარში და არ დამეძაბა სიტუაცია, ისედაც კონფლიქტის ზონაში ვიყავით. ოლეგი ეთნიკურად ოსი აღმოჩნდა, იარაღის საყიდლად ყოფილა მოსული შეხვედრაზე. მე არ მეშინოდა მათი, ექსტრემისტების, საკმაოდ ბევრს ვიცნობდი მათი მხრიდანაც, ამიტომაც თამამად ვიყავი.
-пускай оставит нас, а то мне придётся его убить - ამოცრა კბილებში ოლეგმა
-нет никаких проблем, он свой человек - ჩემს დაცვას შეეცადა გურამი
-у нас с вами много общих друзей, я с многими местными знаком - ვუპასუხე ოლეგს მე და გურამს მივუბრუნდი - თუ პრობლემა გაქვს რამე ეხლავე მოვაგვარებ, ამას ვის გადაყრიხარ - და გამეღიმა, გაეღიმა გურამსაც და ოლეგსაც, რომელსაც შევატყვე რომ ქართული იცოდა, მაგრამ არ საუბრობდა ქართულად.
-არა, მე არ მაქვს პრობლემა, ეს ახალი მანქანაა და არ იცნობდნენ, საბურავიც იმიტომ მაქვს გახვრეტილი ტყვიით, ოლეგი კი იარაღის საყიდლად არის მოსული და ფასზე ვთანხმდებით, სათადარიგო საბურავიც მაქვს და იმითი წამოვალ თბილისში
-მეც არ შეგაწუხებთ მაშინ - მივუგე მე და ჩემი მანქანისკენ წასვლის წინ ოლეგს ხელი კიდევ ერთხელ გავუწოდე - cчастливо оставаться
-კარგად იკავი - დამტვრეული ქართულით დამემშვიდობა ოლეგი
მანქანაში ჩავჯექი და დავიძარი, თავში მიტრიალებდა უამრავი ფიქრი, აზრი და შეკითხვა. თურმე ე.წ. ოსურ მხარეს ვინ ამარაგებს და ამაყად ეჭირა თავი სუფრაზე. იქნებ აფხაზეთშიც ეს ამარაგებდა იარაღით მოწინააღმდეგეს? ჩემი მეგობრის ლევანის მონაყოლი გამახსენდა, როდესაც დავალებაზე მიდიოდნენ აფხაზეთში და "ლიმონკები" არ აფეთქდა, მტერი უვნებელი გადარჩა და 300 ადამიანიდან მხოლოდ 10 გამოვიდა ცოცხალი. ის "ლიმონკები" რომ აფეთქებულიყო ჩვენი დანაკარგი არ იქნებოდა 5 კაციც კიო. გურამის ნახელავი ხომ არ იყო? ამას გამოძიება ადრე თუ გვიან დაადგენს, მაგრამ გამოძიება რას უშველის ამდენი ადამიანის მსხვერპლს?

***
გავიდა კიდევ ათი წელი
ამ პერიოდში გურამისთვის თვალი არც შემთხვევით მომიკრავს არსად და არც მისი სახელი და გვარი გამიგია სადმე. ჩემს ბიძაშვილთან მასზე არ საუბრობდნენ როგორც წესი, ამიტომ კითხვასაც აზრი არ ქონდა, მაგრამ მე არ მასვენებდა მისი ბედიღბალის შესახებ რაიმე ცნობა. ასეთი ცნობაც გამოჩნდა მალე.
სასამართლოში გავყევი მეგობარს, რაღაც პროცესი ქონდა, რომელიც სავარაუდოდ უნდა გადადებულიყო და იქედან ქობულეთში მივდიოდით. ყურადღება მიიქცია ერთმა სასამართლო დარბაზმა, სადაც რამოდენიმე ახლობელი შევამჩნიე შედიოდნენ. მეც შევყევი და გურამის სასამართლოზე ამოვყავი თავი. რადგან დრო მქონდა, ცოტა ხანი მეც შევჩერდი. გურამს ასამართლებდნენ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის გამო. დღეს საბრალდებო დასკვნა უნდა წაეკითხათ, შესაბამისად ყველაფერი ნათელი იქნებოდა.
მოსამართლე შმოვიდა და ცივი მზერით გახვრიტა გურამი. შემდეგ დაიწყო და რა დაიწყო:

1) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის უხარისხო იარაღის მიყიდვა 1991-93 წლებში
2) ამავე უწყებისათვის მიყიდული უხარისხო ასაფეთქებელი მასალა
3) ხარისხიანი იარაღის მიყიდვა ე.წ. საბურთალოს საძმოსთვის 1992-94 წლებში
4) ამავე პერიოდში გაყიდული იარაღი თბილისის სხვადასხვა ტერიტორიებზე
5) სვირის საძმოს იარაღით მომარაგება
6) მაჭახელას არსენალის შევსება
7) ცხინვალის რეგიონში დიდი რაოდენობით იარაღის კონტრაბანდა საქართველოს ერთიანობის წინააღმდეგ მებრძოლთათვის
8) აფხაზეთის ტერიტორიაზე, სოფელ ტამიშთან სეპარატისტებთან შეხვედრა და მათთვის სამხედრო რუქების და აღჭურვილობის გადაცემა
9) საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით გადასახადების თავიდან აცილება
10) ბეჟან მონიავას სიცოცხლის მოსპობა

გამოვიდა რომ ეს ადამიანი დაიჭირეს გადასახადების გადაუხდელობაზე, მაგრამ ამდენი რამის დაშავების შემდეგ მისთვის სამუდამო პატიმრობაც კი მეცოტავა. მსოფლიოში არ არის ისეთი კანონი, რომ ამდენი ცოდვა ადამიანს ჩამოაწეროს. როგორც მერე მოგვიანებით გავარკვიე, მისთვის კონფისკაციით ჩამოურთმევიათ აგარაკები წყნეთში, ქობულეთში და ბაკურიანში, ბინები ვაკეში და საბურთალოზე, ძვირადღირებული ოფისი სოლოლაკში და თავისი პირადი მანქანა, რომლის ღერებულების დასახელაც საკმარისია (150 000 ამერიკული დოლარი).

თვითონ კი საბოლოო სიტყვაში ასეთი რამ თქვა:
-მე არ ვარ დამნაშავე, მე პატიოსნად ვაკეთებდი ბიზნესს და 2 დღე არ დამცალდა დღგ-ს (დამატებითი ღირებულების გადასახადი) გადასახდელად. ჩემს ქვეყანას მე საერთო ჯამში 10 000 000 ლარი გადავუხადე მხოლოდ გადასახადებით და რა მომიტანა მან? პატიმრობა...

ავტორისაგან:
ეს მოთხრობა არ არის ვინმეს ჭკუის სასწავლებლად დაწერილი, იგი დიდმა გულისტკივილმა დამაწერინა. გულისტკივილი კი ეპოქამ შვა, ეპოქამ, რომელმაც უამრავი ჩემი თანატოლის სიცოცხლე შეიწირა საპასუხოდ.

2 комментария:

  1. კითხვისას რამოდენიმე "გურამი" ნაცნობი წამომიტივტივდა გონებაში :( და მგონია თითქმის ყველას ვინც ამ პოსტს წაიკითხავს იგივე განცდა დაეუფლება........

    ОтветитьУдалить
  2. დარწმუნებული ვარ, დღესაც საკმაოდ ბევრი ”გურამია” და საკუთარი თავები უდანაშაულო ჰგონიათ... ღმერთმა ნუ ქნას მათ ”საგმირო საქმეებს” კვლავ შეეწიროს თაობები...

    ОтветитьУдалить