суббота, 7 мая 2011 г.

ვაი ჩვენს პატრონს ანუ როგორები ვართ

წარმოიდგინეთ ტიპიური ქართველი.
წარმოიდგინეთ? როგორია იგი? სერგო ზაქარიაძის მიერ განსახიერებულ "ჯარისკაცის მამას" გავს? თუ უფრო დახვეწილი და "სუფრასთან ამაყად გაჯგიმული, თამამი მზერით რომ არჩევს მანდილოსნებიდან რომელს დაესხას თავს, რომ ამაღამ რამენაირად იჩინჩლაოს და თავის პატივმოყვარეობა დაიკმაყოფილოს და მერე წყალსაც წაუთღია ყველაფერი" იერით? იქნება წვრილთვალა კინტო დაგიდგათ თვალწინ?

ყველა დროის ქართველი სხვადასხვანაირია. ყველა დროს თავისი მანკიერება მოჰქონდა და ეს მანკიერებები თავის დაღს ასვავდნენ ჩვენი ქვეყნის მედროვეებს. ვფიქრობ უპრიანი იქნება თავი და თავი მოვძებნოთ და ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინოთ.
ეს არ არის ჩემი ფანტაზიის ნაყოფი, არც კრიტიკაა ვინმესი რადგან ეს პერსონაჟები რეალურად ცოცხლობდნენ და შენდეგ გარდაიცვალნენ. გამოსწორება კი მათი ნამოქმედარის კიდევ შეიძლება, თუმცა ამის იმედი ნაკლებად მაქვს, რადგან გადაგვარებულია ყველანაირი საქციელი და წეს–ჩვეულება ქვია უკვე ზოგ უმსგავს საქციელს. სამწუხაროდ ჩვეულება დაერქვა უმოქმედობასაც.

მაშ ასე

1) 19–ე საუკუნე. თავად–აზნაურობა და უმეფეოდ დარჩენილი საქართველო. რუსულმა ხელისუფლებამ ქართველებს რუსეთის მიერ წარმოებულ ომებში ჩინ–მედლები ჩმოურიგა. სამგიეროდ ქართველებმა ომის წარმოების უზადო ხელოვნება ჩააბარეს რუსებს და რუსეთის წისქვილზე დაასხეს წყალი. მსგავსი საქციელი ქართველებმა შაჰ–აბასისთვისაც გააკეთეს, განსხვავება ის იყო, რომ მათ იბრძოლეს და სახელი გაითქვეს. ამ ბატონებმა კი ტაქტიკიან–ხელოვნებიანად ჩინ–მედალში გაცვალეს. დიახ, დიახ, გაცვალეს. აქვე საგულისხმოა ისიც, რომ თბილისში ჩამოსულებმა (ზუსტად რომ დაბრუნების შემდეგ ჩამოსულებმა) თავიანთი მამულებიდან შემოსავლები რომ არ ეყოთ ის მამულებიც გაყიდეს (რატომღაც თბილისის ბოჰემურ ცხოვრებას იმაზე მეტი თანხები დაჭირდა ვიდრე შეეძლო მამულს მიეცა. ამას დავუმატოთ ბანქო), ხელში კი თოფ–იარაღის მაგივრად გიტარა და ყანწი ეჭირათ. ამ დროს ქართული ინტელიგენცია გაიყო ოპტიმისტებად და პესიმისტებად. დაიწყო მიმოწერა და პასუხების პასუხები და შვილთა პასუხები. და რა? რა შედეგი გამოიღო ამ ვაი მცდელობებმა? ერთ ნათელი გონებს ადამიანს ათქმევინა სიტყვები "ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოვ". სამწუხაროდ იმ ადამიანმა ზუსტად დაინახა საქართველოს და ქართველების მომავალი.

მეოცე საუკუნე რამოდენიმე მუხლად იყოფა, რადგან თბილისის და საქართველოს მოსახლეობა დასაწყისში სხვანაირია, შუაში სხვანაირი, ხოლო საუკუნის ბოლოს რადიკალურად განსხვავებული.
2) განვითარებულია ხელოსნობა და ხელოსნებიც უხვად არიან თბილისში. მათ ყარაჩოღლები (ან ყარაჩოხლები, ყარა – შავი, ჩოხა – ჩოხა) ეწოდებათ. ეს ადამიანები ერთიანდებოდნენ თავის ამქარში (სხვათაშორის აქედანაა სიტყვა საამქრო), მუშაობდნენ თავისთვის და არავის ერჩოდნენ, მაგრამ თუ ვინმე დაჩაგვრას მოუნდომებდა, სათანადო პასუხსაც მიიღებდნენ. მითი თითქოს ისენი ღვინოს ქალის ფეხსაცმლიდან სვამდნენ – აბსურდია, ეგ კინტოს საქმე იყო. კინტოზე ცოტა ქვევიტ მოგახსენებთ. ყარაჩოღელი – სიტყვის პატრონი და ცოტა სიტყვაძუნწიც კი იყო. მუშტიკრივიც კარგი იცოდა და საერთოდ მიხვრა–მოხვრაც თავისებური ქონდა. ვფიქრობ გაზვიადებულია "დაკარგულ სამოთხეში" ყარაჩოღელი, "ქეთო და კოტეში" უფროა შემონახული მისი სურათი.
ამ კასტისგან რადიკალურად განსხვავებულია კინტო. ფართხუნა შარვალი (რომელშიც უამრავი ნაპარავი ნივთი იმალებოდა და ვერავინ ამჩნევდა ნივთს), თავზე წამოწვეტებული ბრტყელი ქუდი (დიდი ხონჩის თავით სატარებლად) და მარტო ახალუხი (რადგან ჩოხის ფული არ ქონდა) იოლად გამოარჩევდა ხალხის მასისგან. თახსირი, ვიგინდარა და ფუჭი მოსაუბრე. ამაზე უფრო მეტად და კარგად ვერაფერი დაახასიათებს კინტოს. ფულის მოგების მიზნით ყველაფერზე წამსვლელი იყო და ეს სენი ძალიან გავრცელდა შემდეგ თაობებში.
შემდეგ მოხდა ქალაქის რეკონსტრუქცია (იგულისხმება თბილისი, თათრის მოედნის მიმდებარე ტერიტორია, ბამბის და რკინის რიგები). ამქრები და წისქვილები შესაბამისად ბერიამ და წყალმა წაიღო.
3) გაჩნდა მოაზროვნე ადამიანთა ვიწრო წრე, რომელთაც ცივილური ფორმებით ამჯობინეს წითელ მონსტრთან ბრძოლა და მათ ცისფერყანწელები ეწოდათ. ჩეკამ უცებ გამოავლინა და ყველა მოუსავლეთში გაუშვა. თუმცა მაგ პერიოდში კიდევ იყო მებრძოლი სული შერჩენილი და იმართებოდა საიდუმლო კრებები (ტროცკის მომხრეები, საქართველოს დამოუკიდებლობაზე მეოცნებენი თუ სხვადასხვა). გაჟუჟეს. საინტერესოა როგორ გადაურჩათ კონსტანტინე გამსახურდია.

"ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ ხალხნო" ბერტოლდ ბრეხტი
4) ომის შემდგომ თბილისში და საქართველოში ისეთი არაფერი ხდებოდა, ადამიანმა შეშფოთება რომ გამოხატო, მაგრამ ემზადებოდა გრანდიოზული გადასხვაფერებისთვის. მოროდიორობა აილაგმა, პატიოსნება დაფასდა, ფასობდა სიტყვაც და მუშტიც. წინისწინა თაობისგან შემორჩენილი პატარა ტრადიციები. იშვიათად ხდებოდა იარაღით ვინმეს დაჭრა. იყო კულტის შენება და როცა ამ კულტს ვიღაც შეეხო, პროტესტის გრძნობა ისევ გაჩნდა ხალხში, არ ჩამქრალა ქართული სული და იბრძოდა, თუმცა რუსთაველზე, პირველი გიმნაზიის გვერდით დაიჭრა ფერდში.
ამით დაშინებული ქართველები კი სიცოცხლეს აგრძელებდნენ და წითელ ვეშაპს სხვა ომი გამოუცხადეს
5) გაგახსენებთ ამ ნაკვესის თავში დასმულ კითხვას: წარმოიდგინეთ? როგორია იგი?
აი, ეხლა აღვწერ: ულვაში ოდნავ მოკლე, მსუქანი, კოტიტა თითებით, თავზე "აეროპორტი" ქუდით. სუფრის თავში, ბრტყელი სადღეგრძელოებით, ანეგდოტებითა და "ბაყაყი წყალში ყიყინებით", რასაკვირველია რუსული "თანამეინახენის" გარემოცვაში. იგი ხომ 1 ყუთი "ენისელით" ხელდამშვნებული ჩამოვიდა საქმის მოსაკვარახჭინებლად. აქ ქალაქში უკვე ტრადიცია დამკვიდრდა, თუ სადემ დაგპატიჟებენ, აუცილებლად ვინმესთან ერტად უნდა წახვიდე, შეიძლება ჩხუბი მოგივიდეს და ვინმემ "ატმასკა", "მასტი" უნდა დაგიჭიროს. სამაგიეროდ მეორე დღეს "ფინგალი" თუ სათვალით ვერ დამალე – მაინც არაუშავს, ვაჟკაცობაში ითვლება მიუხედავად იმისა, მოიქეცი თუ არა ვაჟკაცურად (თუმცა ეს დაკნინებული მცნებაც დიდი განხილვის საგანია).
ასე მიილია 60, 70 და ლამის 80–იანები. საგულისხმოა მხოლოდ ერტი ფაქტი, 1978 წლის აპრილის ამბები. მაშინ გაწირვებით, მაგრამ მაინც დავიცავით ჩვენი ქართული ენა (რომელსაც დღეს აქტიურად ვანადგურებთ)
6) 80–იანის ბოლო. ცხოვრების განვითარებამ მოიტანა და სახლებში გაჩნდა ვიდეო. კასეტებზე ჩაკ ნორისის და ბრუს ლის გარდა რემბო, როკი, კომანდო და კობრა აგიჟებდა ახალგაზრდობას. კლასელის მამას მერსედესი ყავდა და ბიჭები საუბარში ვამბობდით ტელეფონი რომ ჯიბეში გვედოს რა კარგი იქნებოდაო. აქა–იქ ხალხი საქართველოს დამოუკიდებლად არსებობას განიხილავდა, სუფრები პოლიტიკურ ბატალიებად იქცა. აღარსად ფასობს არც სიტყვა და არც მუშტი. ყველა დაძაბულია და ყველა მართალია. მანქანაში აკუმულატორის დატოვება ნიშნავს რომ ხვალ ტაქსით მოგიწევს მგზავრობა. ამ დროის ქართველი რაც მეტს საუბრობს მით უფრო წარმატებული ხდება. რაც მეტ "გაუმარ"–ს იყვირებს, მით მეტი შანსი აქვს უპასუხონ "ჯოს" და კაბინეტში მოჯდეს. და აი, ნანატრი დამოუკიდებლობა. ყველამ დაივიწყა რომ ერთმანეთი ყავთ საპატრონო, ისევ პიროვნების კულტების გამო დაუპირისპირდა ქართველი ქართველს. ერთნი საქართველოზე ღრმად შეყვარებულ პიროვნებას სცემენ პატივს, მეორენი ამ შეყვარებული პიროვნების პოლიტიკურ უვიცობას ხედავენ.
ამ ორი მხარის შეხედულებებმა რუსთაველის პროსპექტი ნანგრევებს დაამსგავსა და 56 წელს გიმნაზიასთან დაჭრილი სული გარდაიცვალა. სამაგიეროდ დაიწყო ომი "ვიღაცასთან" თუ "რაღაცასთან". ერთად დგომის მაგივრად, ერთმანეთის დაყაჩაღებაში გაიწაფნენ, ისწავლეს ზურგსუკან საუბრები, ცხვირში დუდღუნი და ნანემსრების დამალვა. პოლიციელთან ქსივის ტრიალი და ამ ფაქტის უამრავ ადგილზე მოყოლა "ვაჟკაცობა" გახდა.
7) დადგა 21–ე საუკუნე. ჯერ მობილურის სიდიდით, ხოლო შემდეგ ამ ნივთის სიპატარავით იზომება კარგი კაცობა, ბრტყელი სადღეგრძელო სუფრაზე, თუმცა შინაარსობრივად და მოქმედებითაც რადიკალურად სხვა აზროვნება. მაგარია ვინც მოახერხა და იქს5 დაითრია, ნუ კარგი, ემ ელ–ი იყოს. პოპულარულია სიტყვა "საქმეზე ვარ", "თათბირი მაქვს", თუმცა ამ დროს შეიძლება საერთოდ სასტუმროსი იყოს ვინმე მეძავთან ერთად. სიტყვაზე ადამიანს ვეღარ ენდობი იოლად, ძმა ძმას კლავს და შვილი დედას, ზოგჯერ დედა შვილსაც ყიდის. ჩოხა მოდაში შემოვიდა, თუმცა მხოლოდ ჩაცმულობის თვალსაზრისით, ჩოხის ჩაცმის ღირსი ზოგი არც არის, მაგრამ ამაყად ატარებს მას.

სამწუხაროდ ასეთია უკვე რეალობა. დეპრესიულია გარემო და ყველა ამბობს "რა ვქნათ, დრომ მოიტანა"–ო. არავინ ცდილობს იყოს ის რასაც ნამდვილი ქართველი ქვია. არავინ ცდილობს თავის თავს პატარა ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიოს. საამისოდ თურმე დრო არ ქონიათ.

ზოგიერთ ფაქტს მე შევესწარი, ზოგი წავიკითხე, ზოგიც გაგონილია, მაგრამ უმეტესობა სიმართლე წერია აქ. ასე, რომ ჩემო მკითხველო, დრო გამონახე და იყავი ქართველი, ჩოხოსანი ქართველი.