воскресенье, 20 сентября 2009 г.

ბიზნესმენი (მოთხრობა)

ნათესავის დაბადების დღეზე წასვლა დიდად არც მინდოდა, მაგრამ ვალდებულებებს ვერსად გავექეცი და უხალისოდ წავედი. ვიცოდი მხიარული საზოგადოება იქნებოდა და მოსაწყენად მაინც არ მეცლებოდა, ეს იყო დამატებითი მიზეზი და წავედი. მისვლისას აღმოჩნდა, რომ იმ საზოგადოების გარდა ახალი ნაცნობობაც მელოდა წინ.
გურამი, რომლის გვერდითაც მე სუფრაზე მოვხვდი, დაახლოებით 45-47 წლის მამაკაცს წარმოადგენდა, წვრილთვალება და ძლიერი გამომეტყველების, ხელზე დიდი ოქროს ბეჭედი და ოქროს საათი ხაზს უსვავდა მის ფინანსურ სიძლიერეს. არ ვიცი საიდან მოხვდა სუფრაზე, ან ვისი მხრიდან იყო, მაგრამ ყველა რომ მოწიწებით ესაუბრებოდა ვხედავდი. სწორედ სხვების მოწიწებამ ჩემში ზიზღის პირველი ტალღა წარმოშვა, რომელიც ნელნელა იზრდებოდა და მალე ცუნამს მივიღებდი თუ არ გავასწრებდი აქედან, მაგრამ სად? არანაირად არ მინდოდა გონებაში არც ტალღა, არც ცუნამი და არც პანიკა. მშვიდი საღამოს გატარება მერჩივნა, რასაც უკვე გუნებაში ვემშვიდობებოდი კიდეც, თუმცა ვცდებოდი. საღამო მშვიდი იყო და არა ხმაურიანი, თუმცა დაძაბული და ჩახლართული.
-ლიმონათს მიირთმევთ? - ზრდილობის გამო ვკითხე უცნობს, რადგან ლიმონათს ვერ მიწვდებოდა ან დამამხობდა მაგიდას თავზე და ლიმონათს აიღებდა.
-არა, გმადლობთ, ღვინოს გაზიანს არ ვაყოლებ - იმდენად ჩუმად მითხრა, თითქოს საიდუმლოს მიმხელდა და ცდილობდა არავის გაეგო.
-კი ბატონო - ვუპასუხე მეც და ჩემთვის დავისხი, უფრო კი იმიტომ, რომ იგი ამას არ დალევდა და თითქოს ვეჯიბრებოდი კიდეც, აი შენ რომ არ სვავ მე მივირთმევ და გემოსაც კარგად ჩავატანთქო.
-ყმაწვილო არც თქვენ გირჩევთ - მომიბრუნდა ჯერ კიდევ უცნობი გურამი - ჯანმრთელობისთვის არ არის კარგი და ღვინოც უფრო მალე მოგეკიდებათ, რეკომენდაციას გაძლევთ ღვინოსთან ერთად არასდროს დალიოთ გაზიანი სასმელი - დაამთავრა შეგონება და გამიღიმა. საპასუხოდ მეც გავიღიმე, მხოლოდ დაბნეულმა კითხვა შევუბრუნე:
-რატომ იქნება საზიანო გაზიანი ღვინოსთან?
-ღვინო თავისთავად მძიმეა მოსანალებლად და გაზიანით კიდევ უფრო ამძიმებთ, ღვიძლი კი ორივეს ერთად ძნელად ერევა.
-თქვენ ექიმი ბრძანდებით? - ეტყობა ძალიან თვალებგაფართოებულმა ვკითხე, რადგან სიცილით მომიგო:
-არა, მე ბიზნესმენი ვარ - ამაყად გამომიცხადა მან
ცოტა ხმამაღალი მეჩვენა მისი განცხადება, ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია, ეკონომიკა შერყეული და ამ დროს ვიღაც კაცი პრეტენზიას აცხადებს ბიზნესმენობაზე
-უკაცრავად, ვერ მიგიხვდით - თავხედობაზე გადავედი მე
-ნება მიბოძეთ წარმოგიდგეთ, გურამ საყვარელიძე, ბიზნესმენი...
-სულ ბიზნესმენი იყავით? - არ შევეპუე მის ასეთ ხმამაღალ განცხადებას, მაგრამ ეს იმდენად ხმამაღლა გამომივიდა, რომ მთელი სუფრა გაირინდა და ბუზის გაფრენაც კი ისმოდა მიუხედავად ზამთრისა და ბუზის არ არსებობისა. მან ცინიკური გამომეტყველება მიიღო და ხუმრობით მიპასუხა:
-ყმაწვილო, თქვენ როგორ გგონიათ რა ერქვათ გადამყიდველებს კომუნისტების დროს?
-სპეკულანტები, მუქთახორები...
-და თქვენი აზრით ისენი საზოგადოების წურბელები იყვნენ არა?
-იყვნენ თუ არ იყვნენ ეგ ჩემი გასახილავი არ არის, მაგრამ თუ თქვენ მათ ბიზნესმენებს უწოდებთ, ეგ არ ნიშნავს რომ ისენი აუცილებლად მაგ დარგის ხალხი იყო. მე მიმაჩნია, რომ ბიზნესმენები იყვნენ ქარხნის დირექტორები და ხელმძღვანელობა, რომლებიც მართავდნენ საქმეს და არ იყვნენ სხვისი სულის ამოხდაზე გადასულები. ჯინსი რომელიც დღეს 30 დოლარი ღირს მაშინ 70-80 მანეთად იყიდებოდა. შეგახსენებთ ბატონო გურამ, რომ მასწავლებლის ხელფასი იყო 80 მანეთი. გამოდის რომ მას არ უნდა ჩაეცმია შვილისთვის?
გურამს მწარედ გაეღიმა, თუმცა ამ ღიმილით ისარგებლა თამადამ და მორიგი სადღეგრძელო შემოგვთავაზა. სადღეგრძელოს ჩამოვლის შემდეგ დიალოგი გაგრძელდა, თუმცა აღარც ისე ცხარედ და შედარებით რბილ ტონში.
-თქვენ არ გამიმხელთ თქვენს სახელს?
-მიშა დამიძახეთ
-გასაგებია ბატონო მიხეილ...
-მე არ მითქვამს მიხეილი მქვიათქო
-გასაგებია ბატონო მიშა...
-უკაცრავად, ბატონობითაც ნუ მომმართავთ, მე ასაკით თქვენზე გაცილებით პატარა ვარ - არ მიყვარდა როდესაც ზრდილობიან ფორმებს ვინმეს დასამცირებლად ხმარობდნენ
-კარგი, მაშინ თქვენც გურამი დამიძახეთ და ვიყოთ მეგობრები - ნაბიჯი გადმოდგა გურამმა
-არაფერი მაქვს საწინააღმდეგო - არც მთლად ხალისით ვუპასუხე მე
-რას საქმიანობთ მიშა?
-მერიის ერთერთ სტრუქტურაში ვარ წამყვან სპეციალისტად, თქვენ რას საქმიანობთ? - ინტერესი მკლავდა გამეგო მისი ბიზნესის შესახებ
-მე მოგახსენეთ უკვე, რომ ბიზნესით ვარ დაკავებული - ამაყი ტონი ისევ გაისმა მის ხმაში
-რას შეეხება თქვენი ბიზნესი? რას წარმოადგენს, რა სფეროა, მომსახურებაა თუ ვაჭრობა?
-ციტრუსი გამაქვს აქედან ჯერ უკრაინაში, შემდგომ რუსეთში, იქ მეორე ციტრუსზე - აქ უკვე ხმას დაუწია და ჩემსკენ გადმოიხარა - ასაფეთქებელ ციტრუსზე ვცვლი და შემომაქვს უკან.
-ლიმონკა? - არ დავიბენი მე, თუმცა დაბნეულიც ვიყავი და დემორალიზებულიც, უკვე მივხვდი თუ რატომ ესაუბრებოდა მთელი სუფრა მოწიწებით. ეს კაცი იყო იარაღის მსხვილი შემომტანი საქართველოში, თუმა მისი შემოტანილი იარაღი სად მიდიოდა არავინ იცოდა.
-დიახ, დიახ და შემდგომ მას ვუკეთებ რეალიზაციას საქართველოში, ანუ მე სრულიად ქართულ ბიზნესს ვაწარმოებ.
-ვინ არიან თქვენი კლიენტები?
-თავდაცვის სამინისტრო ძირითადად...
-არაძირითადად?
-მიშა გადახედე მაგიდას, აქ არავინ არის უიარაღოდ მოსული...
-მე არ მაქვს იარაღი... - ჩემი რეპუტაციის დაცვა ვცადე მე (სხვათაშორის გამომივიდა)
-ხო, თქვენ გამონაკლისი ხართ, ალბათ არ იცით რა ხდება ქუჩაში და იმიტომ.
-ვიცი და საკმაოდ კარგადაც, უბრალოდ მე თბილისელი ბიჭი ვარ და არ მჭირდება იარაღით ჩემი სახელის დაცვა, ჩემი იარაღი ჩემი ენა და გონებაა...
-ნუ ცხარობთ, გასაგებია თქვენი პოზიცია, მაგრამ აქ საკამათოდ არ ვართ შეკრებილნი მგონი. მე ჩემი საქმე მაქვს და ვაკეთებ ფულს, თუ როგორ ვაკეთებ ეს ჩემს შესაძლებლობებზე ისახება მხოლოდ და არამგონია ვინმეს გასასჯელი იყოს ჩემი საქმე.
ისეთი შეგრძნება დამეუფლა, მეგონა რეციდივისტს ველაპარაკებოდი, არც შევმცდარვარ, თუმცა ჩემი ეჭვები რამოდენიმე წელიწადში გამართლდა.

***
ამ დიალოგის მერე გავიდა 2 წელი, ომი საქართველოში, აფხაზეთის ტერიტორიაზე დაახლოებით წელიწადნახევრის დამთავრებული იყო, ცხინვალში ახლობლის ქორწილში ვიყავი წასული და იქედან ვბრუნდებოდი, ნაცნობმა სახემ ყურადღება მიიქცია და მანქანა შევაჩერე. არც შევმცდარვარ, გურამი იდგა გზის ნაპირთან და ვიღაცას ესაუბრებოდა, იქვე იდგა ახალთახალი ბმვ, რომელსაც საბურავი ქონდა დაშვებული.
-რამე ხომ არ გიჭირთ ბატონო გურამ? -შეკითხვით გადმოვედი მანქანიდან.
-მიშა? შენ აქ როგორ მოხვდი? არაფერი მიჭირს, საბურავი გასკდა და სანამ გამოცვლას დავიწყებდი ახლობელი შემხვდა, გაიცანი ოლეგია მისი სახელი
ახალგაცნობილს ხელი ჩამოვართვი და საბურავს დაკვირვებით დავხედე, ტყვიით იყო გახვრეტილი. გამოდის რომ გურამი გააჩერეს ძალით და თავისიტ არ გაუჩერებია მანქანა.
ოლეგმა რუსულად დაილაპარაკა
-кто этот молодой пацан?
-знакомый мои - უპასუხა გურამმა
-мне приятно познакомиться с вами - ვცადე იოლად ჩავრთულიყავი საუბარში და არ დამეძაბა სიტუაცია, ისედაც კონფლიქტის ზონაში ვიყავით. ოლეგი ეთნიკურად ოსი აღმოჩნდა, იარაღის საყიდლად ყოფილა მოსული შეხვედრაზე. მე არ მეშინოდა მათი, ექსტრემისტების, საკმაოდ ბევრს ვიცნობდი მათი მხრიდანაც, ამიტომაც თამამად ვიყავი.
-пускай оставит нас, а то мне придётся его убить - ამოცრა კბილებში ოლეგმა
-нет никаких проблем, он свой человек - ჩემს დაცვას შეეცადა გურამი
-у нас с вами много общих друзей, я с многими местными знаком - ვუპასუხე ოლეგს მე და გურამს მივუბრუნდი - თუ პრობლემა გაქვს რამე ეხლავე მოვაგვარებ, ამას ვის გადაყრიხარ - და გამეღიმა, გაეღიმა გურამსაც და ოლეგსაც, რომელსაც შევატყვე რომ ქართული იცოდა, მაგრამ არ საუბრობდა ქართულად.
-არა, მე არ მაქვს პრობლემა, ეს ახალი მანქანაა და არ იცნობდნენ, საბურავიც იმიტომ მაქვს გახვრეტილი ტყვიით, ოლეგი კი იარაღის საყიდლად არის მოსული და ფასზე ვთანხმდებით, სათადარიგო საბურავიც მაქვს და იმითი წამოვალ თბილისში
-მეც არ შეგაწუხებთ მაშინ - მივუგე მე და ჩემი მანქანისკენ წასვლის წინ ოლეგს ხელი კიდევ ერთხელ გავუწოდე - cчастливо оставаться
-კარგად იკავი - დამტვრეული ქართულით დამემშვიდობა ოლეგი
მანქანაში ჩავჯექი და დავიძარი, თავში მიტრიალებდა უამრავი ფიქრი, აზრი და შეკითხვა. თურმე ე.წ. ოსურ მხარეს ვინ ამარაგებს და ამაყად ეჭირა თავი სუფრაზე. იქნებ აფხაზეთშიც ეს ამარაგებდა იარაღით მოწინააღმდეგეს? ჩემი მეგობრის ლევანის მონაყოლი გამახსენდა, როდესაც დავალებაზე მიდიოდნენ აფხაზეთში და "ლიმონკები" არ აფეთქდა, მტერი უვნებელი გადარჩა და 300 ადამიანიდან მხოლოდ 10 გამოვიდა ცოცხალი. ის "ლიმონკები" რომ აფეთქებულიყო ჩვენი დანაკარგი არ იქნებოდა 5 კაციც კიო. გურამის ნახელავი ხომ არ იყო? ამას გამოძიება ადრე თუ გვიან დაადგენს, მაგრამ გამოძიება რას უშველის ამდენი ადამიანის მსხვერპლს?

***
გავიდა კიდევ ათი წელი
ამ პერიოდში გურამისთვის თვალი არც შემთხვევით მომიკრავს არსად და არც მისი სახელი და გვარი გამიგია სადმე. ჩემს ბიძაშვილთან მასზე არ საუბრობდნენ როგორც წესი, ამიტომ კითხვასაც აზრი არ ქონდა, მაგრამ მე არ მასვენებდა მისი ბედიღბალის შესახებ რაიმე ცნობა. ასეთი ცნობაც გამოჩნდა მალე.
სასამართლოში გავყევი მეგობარს, რაღაც პროცესი ქონდა, რომელიც სავარაუდოდ უნდა გადადებულიყო და იქედან ქობულეთში მივდიოდით. ყურადღება მიიქცია ერთმა სასამართლო დარბაზმა, სადაც რამოდენიმე ახლობელი შევამჩნიე შედიოდნენ. მეც შევყევი და გურამის სასამართლოზე ამოვყავი თავი. რადგან დრო მქონდა, ცოტა ხანი მეც შევჩერდი. გურამს ასამართლებდნენ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის გამო. დღეს საბრალდებო დასკვნა უნდა წაეკითხათ, შესაბამისად ყველაფერი ნათელი იქნებოდა.
მოსამართლე შმოვიდა და ცივი მზერით გახვრიტა გურამი. შემდეგ დაიწყო და რა დაიწყო:

1) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის უხარისხო იარაღის მიყიდვა 1991-93 წლებში
2) ამავე უწყებისათვის მიყიდული უხარისხო ასაფეთქებელი მასალა
3) ხარისხიანი იარაღის მიყიდვა ე.წ. საბურთალოს საძმოსთვის 1992-94 წლებში
4) ამავე პერიოდში გაყიდული იარაღი თბილისის სხვადასხვა ტერიტორიებზე
5) სვირის საძმოს იარაღით მომარაგება
6) მაჭახელას არსენალის შევსება
7) ცხინვალის რეგიონში დიდი რაოდენობით იარაღის კონტრაბანდა საქართველოს ერთიანობის წინააღმდეგ მებრძოლთათვის
8) აფხაზეთის ტერიტორიაზე, სოფელ ტამიშთან სეპარატისტებთან შეხვედრა და მათთვის სამხედრო რუქების და აღჭურვილობის გადაცემა
9) საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით გადასახადების თავიდან აცილება
10) ბეჟან მონიავას სიცოცხლის მოსპობა

გამოვიდა რომ ეს ადამიანი დაიჭირეს გადასახადების გადაუხდელობაზე, მაგრამ ამდენი რამის დაშავების შემდეგ მისთვის სამუდამო პატიმრობაც კი მეცოტავა. მსოფლიოში არ არის ისეთი კანონი, რომ ამდენი ცოდვა ადამიანს ჩამოაწეროს. როგორც მერე მოგვიანებით გავარკვიე, მისთვის კონფისკაციით ჩამოურთმევიათ აგარაკები წყნეთში, ქობულეთში და ბაკურიანში, ბინები ვაკეში და საბურთალოზე, ძვირადღირებული ოფისი სოლოლაკში და თავისი პირადი მანქანა, რომლის ღერებულების დასახელაც საკმარისია (150 000 ამერიკული დოლარი).

თვითონ კი საბოლოო სიტყვაში ასეთი რამ თქვა:
-მე არ ვარ დამნაშავე, მე პატიოსნად ვაკეთებდი ბიზნესს და 2 დღე არ დამცალდა დღგ-ს (დამატებითი ღირებულების გადასახადი) გადასახდელად. ჩემს ქვეყანას მე საერთო ჯამში 10 000 000 ლარი გადავუხადე მხოლოდ გადასახადებით და რა მომიტანა მან? პატიმრობა...

ავტორისაგან:
ეს მოთხრობა არ არის ვინმეს ჭკუის სასწავლებლად დაწერილი, იგი დიდმა გულისტკივილმა დამაწერინა. გულისტკივილი კი ეპოქამ შვა, ეპოქამ, რომელმაც უამრავი ჩემი თანატოლის სიცოცხლე შეიწირა საპასუხოდ.

пятница, 18 сентября 2009 г.

პარადოქსი

ცნობილი ინგლისელი მეცნიერი ისააკ ნიუტონი ცნობილი არ დაბადებულა, მას ბედისწერაში ეწერა რომ მისი სახელი და გვარი უნდა დარჩენილიყო დედამიწის ისტორიაში სამუდამოდ.
ერთი ჩვეულებრივი ზარმაცი კაცი იყო, იჯდა თავისთვის ხის ძირში და ხან სვავდა, ხან ბანქოთი ერთობოდა. მაგრამ დამწიფდა ვაშლი და ვეღარ გაძლო ხეზე, მოწყდა ყუნწიდან და დაეშვა დედამიწისკენ. ესეც გრავიტაციის ბრალია, თორემ ხომ შეიძლებოდა წასულიყო კოსმოსისკენ და დღემდე იფრენდა მზის სისტემაში, ეხლა მარსზეც მიაღწევდა და ნიუტონის სახელსაც უჩინარს დატოვებდა.
ხოდა ჩამოვარდა ეს ვაშლი და ნაბახუსევ ისაკს დაეცა თავზე, რის შედეგადაც დაფიქრდა კაცი, დაფიქრდა ბედის ირონიაზე და მიხვდა, რომ ირონია აქ არაფერ შუაში იყო და რაღაც ძალა დედამიწაზე აგდებდა ყველაფერს. ხოდა მიხვდა, ეს იყო დედამიწის მიზიდულობის კანონი და დაარქვა გრავიტაცია. უნდა გავაკრიტიკო ისააკი და აღვნიშნო, რომ გრავიტაციას დღეს აპლიკაცია (ინგლისური სიტყვიდან apple) უნდა ერქვას, მაგრამ ისააკს სად ქონდა მაგდენი ფიქრის დრო, უკვე დიდი მეცნიერი გახლდათ და ახალი საფიქრალი მიეცა, კერძოდ: რა ძალით დაეტაკა ვაშლი მის თავს? და დაასკვნა: ვაშლი იმ ძალით დაეტაკა ისააკ ნიუტონის თავს, რა ძალითაც მისი თავი დაეტაკა ვაშლს. ვუალა მეგობრებო, ნიუტონის მესამე კანონიც დამზადდა, მაგრამ რა ვუყოთ წინა ორს? ან რატომ მესამე? ეხლა პახმელიაზე მყოფი ნიუტონისთვის ცოტა ძნელი იქნებოდა მიხვედრილიყო რომ ეს კანონი პირველ ნომრად ეღიარებინა, ამიტომ ადგა და დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ რა იქნებოდა იმ შემთხვევაში თუკი მისი თავიც იმოძრავებდა ვაშლის ვარდნის სიჩქარით. ამ შემთხვევაში ხომ ვაშლი და თავი უძრავი იქნებოდნენ ერთმანეთის მიმართ? ხოდა ეს იქნება პირველი კანონიო - დაასკვნა გუნებაში ღიმილით - მაგრამ მეორეს რა ვუყოთ? ეხლავე უნდა ჩავუჯდე წიგნებს, და ვიპოვი პასუხსო. ხოდა მიიღო განათლება, გახდა დიდი მეცნიერი და დაწერა იმფერი კანონები რომლებიც შემდგომში კლასიკური მექანიკის საფუძვლებად იქცა და დღემდე საფუძვლიდან უკვე კედლებადაც გადაიქცნენ და სახურავსაც მალე წარმოადგენენ (თუ უკვე არ არის წარმოდგენილი).

ასეა თუ ისე ნიუტონის გვარი ისტორიაში დარჩა და ბედისწერაც გამართლდა.
ჟოზეფ ლუი ლაგრანჟის თქმით: "ნიუტონი უდიდესი გენიოსია, რომელიც კი ოდესმე გაჩენილა ამქვეყნად და ასევე ყველაზე იღბლიანი, ვინაიდან სამყაროს სისტემის დადგენა მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი".
თუ სამყაროს სისტემის დადგენა ერთხელაა შესაძლებელი, მაშინ ნებისმიერი აღმოჩენა ოდესმე მაინც ყოფილა პირველი. ამერიკის აღმოჩენა კი რამოდენიმეჯერ მოხდა ჯერ ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა, შემდეგ ამერიგო ვესპუჩიმ. მაგელანს კი არაფერი დაუტოვეს, მანაც გაბრაზებულმა წრე შემოუარა სამხრეთ ამერიკის კონტინენს (ამ კონტინენტის სახელწოდებასთან რა კავშირი აქვს ამერიკას ვერ დავადგინე, სახელმწიფო ამერიკა აქ არ არსებობს და კოლონია აქ არ ქონია). მაინც ტყუილად იწვალა, მისი სახელი მხოლოდ ერთ სრუტეს ქვია.

საბოლოო ჯამში:
ნიუტონი ვაშლის მოწყვეტაში არ დაღლილა და ამხელა საქმე ქნა, მაგელანმა კი ლამის მთელი ცხოვრება მოგზაურობას შესწირა და პააწაწუნა დამსახურება აქვს.

პარადოქსია რა

воскресенье, 13 сентября 2009 г.

იური გაგარინი





რა განსხვავებაა ამ ორ ნამღერში?
ეხლავე ავხსნი. პირველში 1983 წელია, მეორეში 2006
კაცი დაბერდა და ისევ ამ უკვდავ სიმღერას სთხოვენ იმღეროს, ერთგვარი სავიზიტო ბარათი გახდა მისი. მაგრამ ორივე იმიტომ დევს, რომ ადამიანებს დაკვირვების საშუალება მივცე. დავაკვირდეთ ტოტოს სახეს და დავინახავთ, რომ სანრემოზე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ტოტო შერჩენილი ენთუზიაზმით ასრულებს სიმღერას L`italiano, ხოლო მოსკოვში უკვე დაღლილი სახე აქვს და ეს სიმღერაც ყელში აქვს ამოსული.
რა კავშირია იური გაგარინსა და ამ კონკრეტული მომღერლის სახის გამომეტყველებას შორის?
კავშირი დიდია. იურიმ რომ თავისი ყველაზე ცნობილი სიტყვა თქვა (поехалиии) მას მერე საბჭოთა კავშირმა ძალიან ბევრი ამოგზაურა მსოფლიოს გარშემო, იმდენი ამოგზაურა, რომ ბოლოს იური ბატონი შეცდა ჭკუიდან (უფრო კი დააბრალეს) და გამოკეტეს საგიჟეთში. მას კი ფრენა უყვარდა და სურდა, ფრენისთვის იყო დაბადებული და გაჩენილი. უშიშროებამ კი სამუდამოდ აუკრძალა ფრენა, მიზეზი მარტივი იყო: კაცმა კოსმოსი მოიარე და აქ ატმოსფეროში რამე რომ მოგივიდეს შევრცხვებითო.

ადამიანი არის ცვეთადი, მისი უნარები, ორგანოები და გარეგანი შეხედულება, ყველაფერი ცვდება და არ ღირს მისი ზედმეტად დატვირთვა და გადატვირთვა. სწორედ ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს იმაზე მეტად ვიდრე ვუფრთხილდებით. დავაფასოთ ერთმანეთი და გვიყვარდეს ერთმანეთი.
ამით წავადგებით ჩვენს ქვეყანას, მერე ერთმანეთს და მხოლოდ მესამე პლანზე ჩვენს საკუთარ თავს

четверг, 10 сентября 2009 г.

ალბერტო მორავია, "ნახვამდის"

მოთხრობაში საუბარია ადამიანზე, რომელიც ციხიდან თავისუფლდება და ციხის უფროსს დაემშვიდობა:
-ნახვამდის ბატონო ციხის უფროსო.
-თქვენ გინდოდათ გეთქვათ მშვიდობით?
-დიახ...
იმ ციხეში სხვის გამო იჯდა მოთხრობის გმირი და გამოსვლის დღესვე ნახულობს და კლავს კიდეც ვინც ყალბი ჩვენება მისცა. შემდეგ ისევ იმ ციხეში ბრუნდება და ციხის უფროსსაც ნახულობს.

დამშვიდობება "ნახვადმის" ნიშნავს - სანამ გნახავ, გნახავ მალე და ა.შ.
რამდენ ასეთ შეცდომას ვუშვებთ დღეს ქართველები?
ჩამოვთვლი რამოდენიმე მათგანს:
ქართულ-ოსური კონფლიქტი (!?)
ქართულ-აფხაზური კონფლიქტი (!?)
ორივე შემთხვევაში ჩვენ თვითონ ვაღიარებდით რომ ისენი მხარეები არიან, არადა ქვეყანაში ან სამოქალაქო ომი იყო (უკეთეს შემთხვევაში) ან უცხო ქვეყანას ვეომებოდით და ქარის წისქვილი გვეგონა (უარეს შემთხვევაში). ორივე ცუდია, ომი საშინელებაა

მთელი ქვეყანა შავ ფერებშია ჩაცმულ-ჩასმულ-ჩამჯდარი
აუცილებლად შავი მაქნანა უნდა ყავდეს ჭეშმარიტ ქართველს, აუცილებლად უნდა შავად იყოს მინები ჩაბურული (რომელიმე სპეცსამსახურის მსგავსად და ამავე დროს ეზიზღებათ პოლიცია და წესრიგი ქართველთ), უნდა ეცვას შავი ტანისამოსი და მაშინ არის მიმზიდველი
რანაირად გამოსწორდება ქვეყანა თუ ასე გაგრძელდება?

მორავიას სიტყვებს ვიტყვი:
ადამიანებს ჩვენი ქვეცნობიერი "მე" გვალაპარაკებს და ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს
ვნახოთ რა იქნება მომავალში

среда, 9 сентября 2009 г.

09.09.09 კალათბურთი და მამა

ყოველთვის ეს ორი მცნება ჩემთვის გაიგივებულია, რადგან საქართველოში ერთერთი საუკეთესო მწვრთნელი, ჩემი ბავშობიდან ჩემს სახლშია. ხოდა ძალიან ინერვიულა ნაკრების შესახებ ატეხილი აჟიოტაჟი, ჩემმა შვილმა კი წამოაყენა წინადადება: "წავიდეთ და დარბაზში ვუცქიროთო კალათბურთს"
ხოდა წავედით...

ვაი მე-8 სექტორს

შეცდომა არ დარჩა შეუმჩნეველი, მაგრამ ერთი მთავარი შეცდომა იყო 9 ქულიან სხვაობაზე რომ ცქიტიშვილი პირველ შეტევაში წავიდა და უცებ 3 ქულიანის სროლა გადაწყვიტა. არ იყო სწორი, მაგი მეც შევამჩნიე, ხოდა ისევე დატრიალდა უკუღმა თამაში, ძლივს გადმოვატრიალეთ. ამაზე იმდენი იჩხუბა, რომ ბოლოს მოგება ლამის არ გაეხარდა

ამ შეცდომამდე იყო რამოდენიმე შეცდომა. თქვენის ნებართვით ჩამოვყვები და რამოდენიმეს დავასახელებ:
1) მოთამაშეები ტელეგამოსვლაში თხოულობენ რომ ტრიბუნებზე თეთრი და წითელი იყოს ჭარბად. შე კარგო კაცო, მოთამაშე ხარ თუ კუწურიე? დროშას დავიჭერ და თეთრ-წითელი არ იქნება?
2) გასახურებლად გამოსული ერთერთი წამყვანი მოთამაშე ტრიბუნებზე იცქირებოდა და ნაცნობის დანახვისთქნავე გაესაუბრა მას. ანუ ეს მოთამაშე უკვე ვიცოდი რომ ვერ ითამაშებდა კარგად. (არ ფიქრობდა მომავალ თამაშზე, არამედ გადართული იყო ყოფით თემებზე) შედეგად 3 პერიოდის განმავლობაში მოტანილი 2 ქულა, 5 მოხსნა, 1 დაფარება და 15 გაფუჭებული ნასროლი, მათ შორის საჯარიმოებიც. მეოთხე პერიოდი 8 ქულა, 3 ჯარიმა, 0 მოხსნა და 0 დაფარება. საბოლოოდ გაფუჭებული თამაში, რომელიც სხვა მოთამაშეებმა ამოქაჩეს (ელისმა, ვ. ბოისამ, სანიკიძემ და ტუღუშმა).
3) ნერვების არასწორი თამაში. ანუ ბელორუსებმა იცოდნენ რომ წაგებული 14 ქულა უნდა ამოექაჩათ და ამისთვის მზად იყვნენ კიდეც, ხოლო ქართველებმა იცოდნენ რომ 14 ქულა ჯიბეში იყო და შედარებით მოისუსტეს. რაზე აისახა ეს ყველაფერი? ბუ (ცინცაძე) ინდივიდუალურ თამაშზე გადავიდა (რაღაც მომენტში ბურთი გაუვარდა ხელიდან, ჩვენებმა აიღეს და მერე ისე ჩავაგდეთ, თორემ მანამდე დაკარგული 2 შეტევა რა მოსატანია), ბუს მიყვა კაპიტანი ფაჩულია (ცოტა ქულები ქონდა დაგროვილი და ეს როგორ იკადრა ფარმა, ესროდა და ესროდა, აქვე ვიტყვი რომ ზაზამ კარგად სხვა მხრივ ითამაშა, 2 კაცი გაისტუმრა მოუსვლელში, ანუ 5-5 ჯარიმა აკიდა და თითქმის ცენტრის გარეშე დატოვა სტუმრები), ქულების დაგროვება მოუნდა ცქიტიშვილსაც. 100% ქონდა მხოლოდ კოსტა ტუღუშს (ყველა ბურთი ჩააგდო, პასი არ დაუკარგავს და ტექნიკური წუნი ქონდა 0)
4) 14 ნომერი კუდრიავცევის შეჩერება ვერ მოხერხდა, ნუ ამ კაცმა ყველაფერი ქნა რომ გუნდს არ წაეგო (28 ქულა ჩააგდო ქართველების კალათში), მაგრამ მარტო რას იზავდა.
5) უკვე ზემოთქმული პირველი შეტევის არასწორი შეჩერება ისევ ჩვენს მიერ.
6) პანიკა გუნდში
7) (აი აქ უკვე შოკი მივიღე კინაღამ) ბელორუსი ისვრის ჯარიმებს, ამ დროს ქართველი მოთამაშე ხელებს იქნევს, რომ მაყურებელმა დაუსტვინოს ან იხმაუროს. მაყურებლებს ცალკე შევეხები, მაგრამ მოედანზე დგეხარ და შენ გიცქერს ნახევარი საქართველო მაინც, რა ხელებს მიქნევ და მდირიჯორობ? იმ დარბაზში "შვეჩკი" ნაშები რომ მოიყვანე, ვინღა გიგულშემატკივროს? შენ მიხედე შენს საქმეს და გულშემატკივარი რამეს იზავს, ან თუ არ იზავს (რაც ბელორუსიაში არ ქონიათ საერთოდ) 14 (!) ქულას იგებ.

ეს ყველაფერი მე ჩემი თვალით დავინახე და შევიცანი.
მაყურებელი ძირითადად კმაყოფილი დარჩა, გუნდმა 2 ქულა მოიგო, ანუ მარცხით არ დამთავრებულა თამაში ქართველებისთვის. მააგრამ არის ერთი ნიუანსი, რომელიც მე ძალიან მღრნის შიგნიდან.
სპორტულ შეჯიბრზე წამოსული ადამიანი არ შეიძლება იყოს ჩაცმული თეატრალური კაბით
ეს არის აქსიომა და დამტკიცება არ ჭირდება. ჯაან ტაკოი გოგჩოები მოვიდნენ და ისეთი ტონით მკითხეს: "ბოძიში, აქ დაკავებულია???" რომ ვერ მოვითბინე და ვუთხარი: "ხო, დაკავებულია". ეს გოგოჩოები საქმროების საცქერლად უფრო მოდიან ვიდრე იქ რამის საკეთებლად. რაღაც ვერ ვიხსენებ გულშემატკივარ გოგოს, რომელიც საკინძეს იხსნიდეს კალათის უკან, რომ მავანმა მოთამაშემ საჯარიმო ვერ ჩააგდოს არა, მეც არ მაწყობს მასეთი აღვირახსნილი საქციელი, მაგრამ იმის თქმა მაინც შეიძლება: "აი, ნამდვილი გულშემატკივარიო"

დასასრულ მთელ საქართველოს ვულოცავ ამ წარმატებას, პროგრამა მინიმუმი შესრულებულია და საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ნაკრები (ამ სიტყვაში "რ" შემეშალა და "ლ" დავწერე, იმედია მართლა ნაკლი არ იქნება ჩვენი ეს გუნდი) უმაღლეს დივიზიონში ითამაშებს


შენ კი ჩემო მამა, არ ინერვიულო, ამ ნაკრებს თავისი მწვრთნელი ყავს და მიხედავს ის, წამო მე და შენ პატარები ვავარჯიშოთ და გავზარდოთ კარგ კაცებად, კარგ მოთამაშეებად და კარგ ადამიანებად, წამო ...

понедельник, 7 сентября 2009 г.

იმერეთი

საქართველოს ყველა კუთხეს თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ იმერეთი მაინც გამორჩეულია ყველასაგან. ჯერ რიკოთის გვირაბის მერე ფილტვებში რომ იგრძნობ ჟანგბადის მოზღვავებას, მერე შეჩერდები სადმე ადამიანი და არ მოგაკლდება ყურადღება. ყველა კუთხისგან განსხვავებული ადამიანები ცხოვრობენ აქ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიოში ძნელად მოიძებნებიან მასეთები. 20 წლის წინ მახსოვს როგორ დაალევინეს ღვინო ადამიანს, რომელიც საერთოდ არ სვავდა, ის იყო პირველი დალევა და ის იყო მისი ბოლო დალევა, არადა დღესაც ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს. სქემა კი მარტივი იყო:
- დამიკავე ეს ჭიქა ბოშო შენე - მიაწოდეს სავსე ჭიქა, მიმწოდებელი მიტრიალდა და მეორე ჭიქა შეივსო თავისთვის, ხოდა მობრუნდა თუ არა, მაშინვე ჭიქა ჭიქაზე მიუჭახუნა და სადღეგრძელო უთხრა, ხოდა
- ეხლა, სავსე ჭიქა გიჭირამს ხელში და სადღეგრძელო გააქვს ნათვამი, ხოდა უნდა დალიო ჩემო ბატონოო - აქ იმერული აქცენტით თუ წაიკითხავ, მაშინვე გაგახსენდება რომ ეს სიმართლეა და გამოვლილი გაქვს მსგავსი სიტუაცია.
დაახლოებით იგივე მე შემემთხვა ვარციხეში. ორმოში გაღუნული დისკის გამო საბურავმა დაიშვა. გზას მხოლოდ სათადარიგო საბურავით გავაგრძელებ, მაგრამ დრო ხომ უნდა გამოცვლას. გამოცვლამ დაახლოებით 5-10 წუთი წამართვა. ღობის გადაღმა სუფრა იყო გაშლილი და ჭიშკრიდან გამოვიდა 40 წლამდე მამაკაცი, რა გაგჭირვებიათო, მომინათა თავის მობილურზე არსებული სანათი, მერე დამეხმარა დომკრატის დაწევაში და განაცხადა, ეხლა ამ ღობის გადაღმა სუფრაა გაშლილი და ასე უპატივცემულოდ ვერ გაგიშვებთო. საბურავის გამოცვლა 5-10 წუთი, სუფრა 30-40 წუთი+4 ჭიქა ღვინო.

საოცარია, ადამიანებს რომელთაც მწირი მოსავალი აქვთ, ყოველთვის გამონახავენ სტუმრისთვის იმდენ რამეს, რომ მოგერიდება უარის თქმაც და ამ ნობათის აღებაც.
სადაც ჩავედი, ჩემი მეგობრის ცოლოურში, დილით საბურავის გაკეთება მქონდა გუნებაში და თბილისისკენ სასწრაფოდ დაბრუნება, მაგრამ სანამ არ მოკრიფეს ლეღვი, ყურძენი, არ მოტეხეს ტარო და არ მოხადეს ჭურს თავი, რომ ღვინო გამოეტანებინათ, მანამდე გასაღებიც არ მაღირსეს ჩემი მანქანის.

გაგიმარჯოთ იმერლებო, თქვენზე ტკბილი ხალხი არ მეგულება მსოფლიოში და ამ ნაწერს დავასრულებ სხვების დარიგებით





იმერეთში ყველა მასპინძელია

суббота, 5 сентября 2009 г.

თვისება

შეიძლება ცუდი თვისება მაქვს:
ნებისმიერ უცხო სახლში შესვლის მერე პირველივე რასაც ვაკეთებ ეს არის თვალებით ვეძებ წიგნების კარადას. იმის მიხედვით თუ რამდენი წიგნია და როგორ არიან განლაგებულნი ჩემი წარმოდგენა მექმნება ოჯახზე.
თუ ბევრი წიგნი ვნახე სახლში და მათი უმრავლესობა ღირებულია (არა კაცობრიობისათვის არამედ საინტერესოა და ბავშვის აღზრდისთვის საჭირო) დადებითი შთაბეჭდილება მექმნება ამ ოჯახზე, ხოლო თუ მათი უმრავლესობა ღირებულია კაცობრიობისათვის და ნაკლებად გამოსადეგია და მხოლოდ მაკულატურას წარმოადგენს ან ბიბლიოთეკა მწირია (ამ შემთხვევაში ოჯახსაც გააჩნია, შეიძლება ხელმოკლე იყოს ოჯახი და წიგნისთვის არ ეყოს სახსრები) უმეტესად უარყოფითი აზრი მექმნება და ამ აზრს ვერავინ მაცვლევინებს.
თუმცა უზარმაზარი ბიბლიოთეკის პატრონს 2 წიგნი არ ქონდა წაკითხული 2 ძმიდან ერთს, მეორე კი გარკვეული იყო იმ ბიბლიოთეკაში სად რა იდო და ზოგადად თავისუფლად საუბრობდა კიდეც ამ ბიბლიოთეკის და ამა თუ იმ წიგნის შინაარსზე.


ბევრი ოჯახი ცხოვრობს სოფელსა თუ რაიონულ ცენტრში და რამდენად სასიხარულოა ხოლმე რომ სახლშჳ შესულ უმეტესად ძველი წიგნის სუნიც მეცემა ხოლმე.

ამ დილით მასპინძელმა სიამაყით გადმოიღო და მაჩვენა წიგნი, რომელიც 1915 წელს იყო გამოცემული, დაწერილი იყო ძველ რუსულ ენაზე კირილიცათი და ერქვა "ფზიკური გეოგრაფია". თან დააყოლა:
-ეს არის ჩემს სახლში ყველაზე ძვირფასი ნივთი-ო

უზომოდ გახარებული წამოვედი იმერეთიდან
იხარეთ და იკითხეთ
ამაზე კარგი განა რა უნდა იყოს...