воскресенье, 27 января 2013 г.

გასაუბრება მფარველ ანგელოზთან

სულმნათ ნოდარ დუმბაძეს ღმერთთან გასაუბრება აქვს დაწერილი.
მე სად მივალ და სად შევედრები ბუმბერაზ მწერალს 
ინფაქტიც არ გადამიტანია 
ამიტომ მფარველი ანგელოზით დავკმაყოფილდები 


 - მგონი თავი შეგაწყინე 
- საიდან მოიტანე?
- აბა რა იყო ეს?
- რა?
- ეს ავარია არაფერი იყო?
- მე შენ გადაგარჩინე
- რას?
 - უარესს
- მეტი უარესი რა უნდა ყოფილიყო
ანგელოზი დადუმდა, უფლება არ ქონდა ახსნა-განმარტებები ეძლია, მითუმეტეს მოკვდავისთვის.
- ხმა გამეცი
- თავი დამანებე
- აი, ხომ ხედავ, მაინც საუბრობ
- არ შეიძლება განახო ის რაც შენ უნდა შეგმთხვეოდა
- იქნებ მაინც? - მუდარა თვალის უპეებში მოაწვა
- მაინც? საიდან დავიწყო?
- სულ თავიდან
- თავიდან - ბრაზით ჩაილაპარაკა ანგელოზმა - შეგიძლია ხელი მათხოვო? - შემდეგ თვალებზე ხელი მიაფარა - დახუჭე...

 მანქანა გმირთა მოედნიდან ტელევიზიისკენ გაქანდა, გვირაბის კედელს მიუყვებოდა, კედელი რომ მთავრდებოდა, ბოლოში პატარა გასაძრომი იყო, გვირაბიდან კი მანქანა ამოდიოდა, შეჯახება გარდაუვალი იყო. რაღაცამ გვირაბიდან მომავალი შეაფერხა და ანდროს მანქანა მარტივად გაძვრა, უავარიოდ. გვირაბის კედლის ბოლოზე კი ანგელოზი იჯდა და უკმაყოფილოდ იქნევდა თავს. ანდროსაც გაახსენდა, ეს პირველი დღე იყო როცა საჭესთან დაჯდა ქალაქში...

 მეორე გახსენება წყნეთიდან წამოსვლის იყო. მეგობრის მამის მანქანას მუხრუჭები გადაუხურდა და გაეთიშა. სადღაც ბოლოში სატერფული რაღაცას ედებოდა, მანქანა კი არ ჩედებოდა. 2 მოსახვევის მერე სიჩქარე რომ გაიზარდა, ბოლო ცდაზე ოდნავი შენელება იგრძნო ფეხში ანდრომ და შანსი ხელიდან არ გაუშვა. მაშინ არ შეუმჩნევია, მფარველი ანგელოზი კაპოტიდან ამოიზიდა, სიმწრის ოფლი ასხამდა...

 მესამეს ნახვა აღარც უნდოდა, მაგრამ თვითონ ვეღარ მართავდა სიტუაციას... ბაკურიანის დათოვლილ გზას მიუყვებოდა, ახალი საბურავები ქონდა მანქანას და მშვიდად იყო. მოსახვევიდან კი აწყვეტილი გამოვარდა ვიღაცის ჟიგული. ანდროს რეაქცია არც ქონია, ძალიან ახლოს და ძლიან სწრაფად გაუარა მანქანამ და ხევში გაუჩინარდა. დიდხანს ათვალიერა ხევი მაშინ მაგრამ მანქანის კვალი არსად ჩანდა. მხოლოდ 3 დღის მერე იპოვესო ასე გაიგო ამბავი ბაკურიანში. მფარველი ანგელოზი კი იქვე ქვაზე იჯდა და ოხრავდა...

- აღარ მინდა - გაოფლილი შუბლიდან ხელის მოცილება უშედეგოდ სცადა ანდრომ
- ჯერ სად ხარ - ღიმილით მიუგო ანგელოზმა, რადგან ყველაზე დიდ ხიფათზე მივიდნენ.

იმ ავარიაში 2 ადამიანი დაინვალიდდა. ახალი წლის ღამეს ანდრომ სპეციალურად არ დალია, საჭესთან ვარო - მოიმიზეზა. მეგობრებთან იყვნენ საქეიფოდ და გარეთ გამოსულებს ყინვა რომ ეცათ ცხვირ-პირში ანდრო უსიამოვნოდ შეიშმუშნა. ფრთხილად დაძრა მანქანა, მაგრამ ყინულზე დამდგარმა მანქანამ მართვა დაკარგა. როცა მართვა გაასწორა დაინახა როგორ აფრინდა ანგელოზი და დამშვიდდა, მაგრამ შემთხვევას არ ეძინა. იქედან დაძრულებს მარილის საფრქვევი მანქანა უკუსვლით შეეჯახათ. შუაში 2 მუშა მოყვა...

 და ბოლოს... ტრეკზე ვირაჟიდან გამოსულმა წინ შემოტრიალებული მანქანა დაინახა, მაგრამ ძლიან გვიანი იყო რამის მოქმედება, აირბაგის გახსნის ხმა ახსოვდა მხოლოდ... 

ანგელოზმა ხელი შეუშვა, სიმწრის ოფლი სდიოდა ანდროს.
 - ნუთუ აქაც დამიცავი?
- კი - მშვიდად მიუგო ანგელოზმა
- უარესი რა უნდა მომხდარიყო?
- ხომ არ გგონია ეხლა დედამიწაზე გესაუბრები? მაგრამ დროა დაუბრუნდე შენს სამყოფელს და ნუ მცდი, ერთხელაც შეიძლება უძილობით გადავიღალო და მერე სხვისი გავხდები, ეხლა კი გელოდებიან, დროზე მოუსვი აქედან... - ეს თქვა და ხელი აიქნია, ანდროს კი იატაკი გამოეცალა და სადღაც დაბლა დაიწყო ვარდნა. ადრენალინის მოზღვავებამ ცუდად გახადა და ყურებში ჩაესმა ხმა
- შოკი - მედდა აპარატთან იდგა და ექიმს გულმოდგინედ ედო მკერდზე ელექტროშიკის 2 ცალი ელექტროდი. ანდრომ თვალი შეარხია და ოთახში რაღაც აწრიპინდა, ექიმებმა წინ და უკან სირბილი დაიწყეს...

воскресенье, 20 января 2013 г.

ქალური ბედნიერება

ეკას დაბადების დღეზე ბევრი მეგობარი მოგროვდა. იყვნენ კლასელები, კურსელ-ჯგუფელები, მერე შეძენილები, სამსახურის მეგორები და ზოგიც მეზობელი. მხიარულად გაიარა დღემ და საღამომ, მაგრამ ეკას სული ერთმა სიტყვამ ააფორიაქა. "გისურვებ ქალურ ბედნიერებას" ჩაესმოდა ყურებში და ეს ხმა მეორდებოდა ყოველ წუთს და ყოველ წამს. მყისვე მიაგებდა შეკითხვას "კი, მაგრამ რა არის ქალური ბედნიერება?" და ისევ მონოტორულად "გისურვებ ქალურ ბედნიერებას" რეკდა ყურებში, რასაც მოსდევდა შეკითხვა და ისევ პასუხი. სტუმრები ჯერ კიდევ მასთან იყვნენ სახლში და უკვე მარტოობა უნდოდა, მოიწყინა და ფიქრი ვერ გააგდო თავიდან. ოქროს მედალზე სკოლის დამთავრება ისე არ გახარებია, რამდენადაც ინსტიტუტში ადვილად მოხვედრა გაეხარდა. ხუმრობა ხომ არ იყო ამდენი ფულიანი ძიასთვის და ამდენივე ან უფრო მეტი უტვინო თავისთვის უნდა ეჯობნა გამწლიკულ 17 წლის გოგონას. მესამე კურსის სესიებზე გიორგი გაიცნო. მაღალი, ახოვანი, ლამაზი ყმაწვილი. ბიჭიც არ იყო გულგრილი და ეკასაც მეტი რა უნდოდა. როდესაც გაიგო გიორგის გრძნობების შესახებ მაშინ ფიქრობდა რომ ძალიან ბედნიერი იყო, იმაზე მეტად ბედნიერი იმ ძებს რომ აჯობა და ინსტიტუტში ვიღაც გამოთაყვანებულის მაგივრად აუდიტორიაში შეაბიჯა. სიყვარული ლოგიკურად, ქორწინებით დასრულდა. ბედნიერების კიდევ ერთ საფეხურზე ადგა ფეხი. მეორე საფეხურმაც არ დააყოვნა და ქორწილიდან ათი თვის შემდეგ ლევანი გაჩნდა ოჯახში. პარალელურად ინსტიტუტში მეხუთე კურსიც დახურა და სამსახურში ჯერ სტაჟირებით ხოლო შემდეგ მუდმივ სამუშაოდ ლუდის ქარხანაში გაუშვეს. წითელ დიპლომიან ეკონომისტს ყველა ღიმილით შეხვდა, რადგან თვლიდნენ ფულით მოწყობილმა რა უნდა იცოდესო. ეკას გამჭრიახობამ და საქმის ცოდნაზე მალევე ალაპარაკდნენ, თუმცა მალევე დეკრეტულმა შვებულებამ ჭორიკნების ენები ცოტა ხნით მოასვენა. ოჯახს კიდევ ერთი წევრი ქეთევანი შეემატა. უკვე ფიქრობდა რომ ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა ყოფილიყო, ერთმა შვილმა ფეხი აიდგა და ტიტინი დაიწყო, მეორემ კი "აღუ" თქვა. ამ დროს კი რომელიღაც მეგობარი "ქალურ ბედნიერებას" უსურვებს. "მაშ კიდევ არის ბედნიერება? სად არის? რანაირია? რა არის ქალური ბედნიერება?" სამსახურში მეორე დღეს გაფაციცდა და თანამშრომელთა ყველა სიტყვას ზომავდა, ცდილობდა ის ბედნიერება სადმე, ვინმეს თვალებში დაენახა და ამოეკითხა, მაგრამ ქარხანაში ქალები მაინც შეზღუდული რაოდენობით იყვნენ და ბედნიერებასაც არავინ გამოხატავდა. ამასობაში ქვეყანაც აირია და სამაჩაბლოს, თბილისის, აფხაზეთის და სხვადასხვა ომებმა თუ შეიარაღებულმა ფორმირებებმა ეკას ოჯახსაც დაატყვეს მსუბუქი კვალი. გიორგი დაიჭრა მძიმედ და საავადმყოფოში მოუხდა მთელ ოჯახს გადასვლა. იქედან დადიოდა ლევანი სკოლაში, ხოლო ქეთევანი საბავშვო ბაღში. გიორგის ტრეპანაცია ორჯერ დაჭირდა. თავიდან ტყვიას ტვინის რამოდენიმე ნახვევიც მოყვა და მეხსიერების ნაწილი წაიღო. ეკას თვალები ჩაუცვივდა გადაღლილობისგან, მაგრამ წიგნებში ამოკითხული ქალების მსგავსად მედგრად იტანდა ყველაფერს. თვითონვე ხუმრობდა "ოთარაანთ ქვრივი ვარო". ამ ამბებს სამსახურის დახურვა მოყვა, ოჯახს კი სარჩო საბადებელი ჭირდებოდა, როდემდე უნდა ყოფილიყვნენ ეკას და გიორგის დედ-მამებზე დამოკიდებულნი, იმათაც თავისი გასაჭირი ქონდათ. პატარა ფირმა ჩამოაყალიბა და საქმეს ჩაუდგა სათავეში. ლევანიც სკოლაში წავიდა და ოჯახმაც ცოტა შვებით ამოისუნთქა. ეკა ფიქრობდა "ეს არის ალბათ ბედნიერება, ამ გადასახედიდან რა მარტივი რამეები გამივლია და ბედნიერად ვგრძნობდი თავსო". ლევანის სკოლის ბანკეტზე ეკა სიხარულისგან ბრწყინავდა, შვილი წამოესწრო და მალე გვერდში ამოუდგებოდა. ასე ფიქრობდა ეკა, მაგრამ ხიფათს არ ეძინა. ეკას მამის გასვენებაში მანქანა რომელშიც ლევანი იჯდა ავარიაში მოყვა და ტრეპანაცია ამჯერად ლევანს დაჭირდა. ისევ საავადმყოფოში დაბრუნებამ გიორგიზე ცუდად იმოქმედა და შიზოფრენიის ნიშნებით მოათავსეს ასათიანზე მდებარე კლინიკაში. ლევანი მალე მოვიდა გონზე და საღ-სალამათი დაუბრუნდა ცხოვრებას, მხოლოდ მამის მდგომარეობა აფიქრებდა ძლიან. ეკამ ფირმა უფრო გამართა და რკინიგზასთან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ფინანსები ოჯახისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა უკვე, მაგრამ ბედნიერება და მითუმეტეს ქალური არსად ჩანდა. გიორგი კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ მუდმივ მეთვალყურეს და წამლებს საჭიროებდა. ამ მოვლენების პარალელურად ქეთევანმა სკოლა დაამთავრა და დედის მსგავსად დამოუკიდებლად მოეწყო ინსტიტუტში, ხოლო ლევანმა ულამაზესი გოგო ითხოვა ცოლად. ლია კარგი დიასახლისი და მზრუნველი რძალი აღმოჩნდა, მაგრამ რძლის და დედამთილის ერთად ცხოვრება ლამაზად არ მიდიოდა. ლევანმა სხვა ბინა იყიდა და ცალკე გადავიდა თავის ოჯახთან ერთად. ეკას შვილი ხელიდან გამოეცალა და დაპირებული ბედნიერება არსად ჩანდა. ლევანის ბავშვი ჯერ არ ყავდა და ამაზე დარდი ცალკე აწუხებდა ქალს. ცალკე თავისი ქმრის მდგომარეობა, ცალკე ფირმა და მასში მომუშავე ადამიანებზე ზრუნვა არ ასვენებდა. ქეთევანი ხომ ეკას სუსტი წერტილი იყო. მას რომ რამე შემთხვეოდა ეკა დარწმუნებული იყო რომ თავს შეაკლავდა ვინც არ უნდა ყოფილიყო დამნაშავე. ამდენზე ფიქრმა ეკას სახეზე პატარა, მსუბუქი ასაკობრივი კვალი დატოვა, მაგრამ მის სილამაზეს ვერაფერი დააკლო. ერთხელაც თავისი კლასელის ძებნისას ინტერნეტში ვიღაცის გამოგზავნილი შეტყობინება გადაიკითხა. თავაზიანად უპასუხა რომ სხვაგან მოხვდნენ. კიდევ ერთი შეტყობინება მოვიდა, რომელიც ეკას აუწყებდა, რომ სხვაგან არ მოხვდნენ და მას სწერდნენ, იცნობდნენ და შეხვედრას სთავაზობდნენ. რამოდენიმე უარის და დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ შეხვედრა შედგა. ეკა უკვე ორმოცს გადაცილებული, მაგრამ კარგად შენახული, ხოლო მამაკაცი 35-36 წლის კლასიკური აღნაგობის, ისე გამოიყურებოდნენ ადამიანს ეგონებოდა ერთმანეთისთვის არიან დაბადებულიო. როგორც გაირკვა, ეკასთან ქარხანაში მუშაობდა მუშად, შემდეგ კი ბიზნესი დაუწყია და საკმაოდ წარმატებულიც. პირველ პაემას მნიშვნელოვანი არაფერი მოუტანია. მეორე და მესამე შეხვედრის შემდეგ კი ეკა თავის თავთანც უძლური იყო არ ეღიარებინა, მობეზრდა გიორგის სიგიჟეები, მუდმივი ფიქრი ლევანზე, სამსახურზე და ყველა ვალდებულებაზე. მიხვდა რომ ასე გაგრძელება მალე მწყობრიდან გამოიყვანდა ჯერ ნერვებს და მერე ჯანმრთელობას. მთლიანად მიენდო ალექსის. ერთ დილით სარკეში თავის თვალებს წააწყდა, ეშმაკურად უციმციმებდა, რაღაც ახარებდა, მაგრამ სიხარულის მიზეზს ვერ ხვდებოდა სანამ ალექსის არ შეხვდა და მაშინ დაუარა ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა, მიხვდა ეშმაკუნების ყმაწვილქალობაში გაქრობის და ეხლა ახლიდან გაჩენის მიზეზებს და ბევრიც არ უყოყმანია, თვითონვე შესთავაზა ქალაქგარეთ გასეირნება ალექსის. სახლში დაბრუნებული ქეთევანს მოეხვია და მშვიდად დაიძინა... და უეცრად თითქოს წარსულიდან ამოხეთქა დაბადების დღეზე წარმოთქმულმა სიტყვებმა "გისურვებ ქალურ ბედნიერებას". ეს არის ის? ამას ელტვოდა მთელი ცხოვრება? ნაბიჯ-ნაბიჯ საფეხურები და ბედნიერების ძებნაში მიღწეული წარმატებები კარიერაში და პირად ცხოვრებაში? და ყველაფერი ამაო ხდება როდესაც გულის კარნახი და ერთი მალული გრძნობა შემოდის სხეულში.