четверг, 19 января 2012 г.

მედიცინა, სახელმწიფო და ბედნიერი პრეზიდენტი

ეს არ არის პოლიტიკური ნაშრომი. აქ არ არის ვინმეს ძაგება ან ქებათ–ქება და ხოტბის შესხმა. ეს არის გააზრებული კრიტიკა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჯანდაცვის სფეროში თავის ნამოღვაწარს რეფორმად ასაღებს და ხალხის უბედურებაზე ქულებს და ჩინ–მედლებს იმკის. ვფიქრობ, ის რაც მე 6 თვის განმავლობაში ვისწავლე ერთ, საკმაოდ პრესტიჟულ სასწავლებელში, აუცილებელია სახელმწიფო ყველა მოხელემ გაიაროს და ისწავლოს, შემდეგ პრაქტიკაში ნახოს თავის ნამოღვაწარი (გამოსცადოს თავის თავზე) და შემდეგ დაჯდეს კაბინეტში და მიიღოს გადაწყვეტილებები ამა თუ იმ საკითხზე.

ყველაფერი დაიწყო უბრალო თავის ტკივილით. დაზღვეული ადამიანი ასეთი ჩივილებით ექიმთან არ მიდის, მაგრამ როდესაც ტკივილი მეორე დღესაც არ გაქრა (თუმცა წინა დღეს არცერთმა წამალმა არ გაუყუჩა ტკივილი), დარეკა დაზღვევაში და ოჯახის ექიმთან მიღებაზე ჩაეწერა. ექიმმა წნევის გაზომვის შემდეგ (აპარატი ხომ არ იყო გაფუჭებული შემდეგში ეჭვი გაჩნდა) თქვა რომ, წნევა არის 140/90 და თავის ტკივილის მიზეზი ეს არის. მიმართა ნერვოპათოლოგს. ნერვოლოგმა ჩაქუჩის აქეთ–იქეთ ქნევის შემდეგ დაუსკვნა რომ, ძილი არ იყო სრული და წნევა ამის ბრალია. დაუნიშნეს წამლები (50%–იანი დაფინანსებით 27 ლარი (!!!)), რომელთა მიღებასაც ტკივილის გაქრობა არ მოყოლია. მხოლოდ ძილის პროცესი ოდნავ დალაგდა და დილის 7 საათის მაგივრად პაციენტი იღვიძებდა 8–ზე, რის გამოც სამსახურში აგვიანდებოდა ყოველდღე. ტკივილი კი დღითიდღე ძლიერდებოდა და ძლიერდებოდა. ტკივილის მომენტში წნევის გაზომვისას დგინდებოდა წნევა 110/70. 1 კვირის შემდეგ ექიმთან (ჩაწერა ვერ მოახერხა და პირდაპირ მივიდა)ვიზიტისას ექიმი დაპირდა რომ კომპიუტერულ ტომოგრაფიას დაუნიშნავდა. დანიშვნა ნერვოპათოლოგის გარეშე არ შეიძლება, ამიტომ ხვალ მოდიო. მეორე დღეს დაუნიშნეს ტომოგრაფია, ხოლო ტომოგრაფიაზე მისული ჩაწერეს 3 დღის მერე. ამასობაში ტკივილის დაწყებიდან გავიდა 2 კვირა. ტომოგრაფიამ კი დაადგინა კაცობრიობის ყველაზე საშინელი სენი – ტვინის სიმსივნე. ნეიროქირურგმა დროული ჩარევა უშველიდაო, ეხლა ყველაფერი გვიანია და მაქსიმუმ 3–4 კვირა იცოცხლოსო.

მავანნი იფიქრებენ რომ ეს ყველაფერი შეთხზულია, არადა ჩვენს რეალობაში 2012 წელს უკვე მოხდა. ჯანდაცვის სათავეში ფიქრობენ რომ ყველაფერი სწორედ დაალაგეს და რაიონებში გახსნილი სავადმყოფოებით მთელი რესპუბლიკა მოიცვეს, მაგრამ თბილისი ყველას მიავიწყდა. ბედნიერია ჩვენი პრეზიდენტი, ლეჩკომბინატის დონის საავადმყოფოების გახსნით, მაგრამ არავინ კითხულობს შიგნით რა სერვისია, რამდენად დაცულია ადამიანი რომელსაც პახმელია არ ქონია, არ დაულევია და უბრალოდ ატკივდა თავი.

იხარე ჩემო მიშა, როგორც ქართველი ხალხი ხარობს დღეს. შენ ააყვავე ერიო (მეტი არაა ჩემი მტერი)