четверг, 25 августа 2011 г.

მტკივა

თემური ავალიშვილის გახსენება.

დღეს შენს ცხედარს ველოდებით შენი ძმები...
რა მძიმეა რამეზე ფიქრი და თან წერა. ბევრად მეტის თქმა შემეძლო როცა გნახავდი და შეგხვდებოდი, თურმე აღარ გვეწერა ერთმანეთის ნახვა.

გახსოვს ნიჩაბი რომ ჩაგარტყი თავში წითელ ბაღში? არც მე მახსოვს, ეს ჩვენი დედების გახსენებაა და ჩვენც ასე გვახსოვს. მაშინ ჩვენც არ ვიცოდით რომ მერე მაინც ერთ კლასში ვისწავლიდით, ერთად ვივლიდით ვარჯიშზე და ერთად მოგვიწევდა სხვადასხვა შეკრებაზე თუ შეჯიბრზე ერთ ოთახში ცხოვრება. ჯერ იყო ბეთანია, მერე კრასნოდარი, სოჭი, დიდი ჯიხაიში და ცხვარიჭამია. ყველაზე მაგრად მაინც სოჭი გვახსოვდა მე, შენ და რიჟას. ჩემს საათს არ უყვარდა სოჭი, ჰოდა იქ დარჩა, იმ მოგონებებთან :)
შენ და რიჟა უკვე საიქიოს ხართ. სად მიგეჩქარებოდათ... მეც მოვალ მალე, ასე 40–50 წლის მერე. მანამდე მე მანდ საქმე რაც მექნება თქვენ მიმიხედეთ. მე ჯერ აქ ვარ საჭირო.

ძნელია ადამიანს 27 წელი იცნობდე და უცებ აღიქვა მისი არ არსებობა დედამიწაზე. 10 წლის წინ, რიჟას სამძიმარზე შენ ამბობდი რომ დიდი ხანი უნდა ვიყოთ ამ ქვეყანაზეო. რაღაც მალე გამოგივიდა. ნეტავ ეხლა ამ გამოსათხოვარს არ ვწერდე და უამრავ ლუდს დაგალევინებდი. შიმშილს კლავსო როგორ ამბობდი? :)
იცი რა გამახსენდა? ქურთუკი რომ გქონდა გოგიას ჩამოტანილი, NBA–ის, მთელ თბილისში მარტო შენ გეცვა. ტროლეიბუსში რომ მეცი, "ჰა ეხლა, ფული მომეციო" :) კარგი დრო იყო მაშინ, უდარდელი...

დაიძინე ჩემო ძმაო, მეც მოვალ მანდ, 40–50 წლის მერე, აუცილებლად მოვალ, აბა აქ ხომ არ დავრჩები.

вторник, 23 августа 2011 г.

Love story

თითქმის ამბავი.
მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ როდესაც პირველად ერთმანეთს შეხვდნენ. ბიჭს ძალიან დაამახსოვრდა გოგოს სახე და აღნაგობა. გოგოს კი საერთოდ არ ახსოვდა ბიჭის არაფერი. ბიჭმა სახელიც გაიგო და ისიც, რომ გოგო შეყვარებული იყო. გოგო კი ბიჭით საერთოდ არ დაინტერესებულა.

გავიდა დრო. მოვლენები ორივე მხარეს სხვადასხვანაირად განვითარდა, თუმცა საერთოც ქონდა ორივე მხარეს. მათ ოჯახები დაენგრათ. მეორე შეხვედრა საერთო მეგობართან შედგა, რომელიც ორივემ სხვადასხვა დროს გაიცნო (თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს). ბიჭმა ყველა დეტალი აღიდგინა და გაახსენა გოგოს, რაზედაც გოგომ დაიმორცხვა და ოდნავ გაწითლდა. შემდეგ უფრო მეტი საერთო ნაცნობები აღმოაჩინეს ერთმანეთში და უფრო დაახლოვდნენ ვიდრე ოდესმე, თუმცა თვეში ერთხელ თუ კითხავდნენ ერთმანეთს ამბავს ინტერნეტში. მერე გოგო ზღვაზე წავიდა. ბიჭი შაბათ–კვირას ნახულობდა დროს ჩასულიყო ზღვაზე და გოგო ენახა. ერთი გაცურვის დროს დინებამ გაიტაცა გოგო და ბიჭმა გამოიყვანა ნაპირზე. მხოლოდ ერთხელ უთხრა: "მე ამ ზღვას შენს თავს არ დავანებებო". გოგომ გაიღიმა და არაფერი თქვა.

ბედისწერამ ისენი კვლავ დააშორა. ოჯახები არ შეუქმნიათ, მაგრამ ცალ–ცალკე მოღვაწეობდნენ ცხოვრების ასპარეზზე. ერთხელაც გოგო ზღვაზე წავიდა. მარტო შევიდა ზღვაში საცურაოდ. ტალღამ უცნაურად დაარტყა და ამოატრიალა, მეორემ კი უცებ მოაცილა ნაპირს. როდესაც ჰაერი სახესთან დაიგულა ჩასუნთქვა სცადა, მაგრამ მესამე ტალღა გადაყლაპა. ნელა–ნელა მოეშვა სხეულიც, დამძიმდა ქუთუთოებიც და დაიბინდა გონება. ამ დროს ვიღაცის მძლავრი ხელის მოხვევა იგრძნო სხეულმა, თუმცა თვითონ ბრძოლის უნარიც დაკარგული ქონდა. მისთვის ცხოვრება დამთავრებული იყო, გაითიშა მთავარი ორგანო – ტვინი.

როდესაც ცოტათი დაუბრუნდა გონება, ხმა ჩაესმა: "მობრუნდა, თვალი შეარხია, არ უნდა მოვეშვა". რა ნაცნობი ხმა იყო, თუმცა ვერ იხსენებდა სად და როდის მოესმინა ეს ხმა. თავს სძლია, თვალი გაახილა. მისკენ ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცი დაიხარა და ხელოვნური სუნთქვის ჩატარება სცადა. გაიბრძოლა გოგომ, "აღარ მინდაო" უნდოდა ეთქვა და წყალი ამოანთხია. "ვინ არის ეს ბიჭი? სად მინახავს? სად მომისმენია ეს ხმა?" – ზარივით რეკდა თავში ეს კითხვები.
მამაკაცმა გაღიმა და საოცარი სიტყვები თქვა:
– მე ხომ გითხარი, ამ ზღვას შენს თავს არასდროს დავანებებთქო...