воскресенье, 12 августа 2012 г.

შედარება საქართველო-აზერბაიჯანი (რამით მეტნი არიან ვითომ?)

ამ 1 თვის განმავლობაში ორჯერ მომიწია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთამ და უკან იმავე დღეს დაბრუნებამ. ჯერ კიდევ საზღვარზე გამიკვირდა თუ რატომ იყო აზერბაიჯანის დროშა საქართველოს დროშაზე მაღლა (ამ სურათში არ ჩანს რადგანაც ძლიან ახლოს ვიყავი მისული) მეორე წასვლაზე მარტო ვიყავი და უფრო მეტი შესაძლებლობა მქონდა ყველაფერს დავკვირვებოდი და ამეწონ-დამეწონა. ქართველს თვალში რომ მოხვდება: 1) ჩვენი დროშა დაბალ ფლაგშტოკზე კიდია, აზერბაიჯანის მაღალზე (რამით მეტნი არიან ვითომ?) 2) ჩვენი დროშა პატარააა აზერბაიჯანის დროშასთან შედარებით (რამით მეტნი არიან ვითომ?) 3) ჩვენი დროშა დახეულ-დაძონძლია, აზერბაიჯანის კი ისე ამაყად ფრიალებდა გული მომიკვდა (რამით მეტნი არიან ვითომ?) 4) ჩვენთან 1 ფანჯარაში მივაწოდე საბუთები და უცებ გავიარე კონტროლი, აზერბაიჯანის მხარეს კი რატომღაც ბოლო ფანჯრდან იწყებ და მოყვები მერე ფანჯრიდან ფანჯრამდე (7 ფანჯარაა, თურმე ჯერ უნდა მიხვიდე 4-ში, მერე 7-ში და ბოლოს 1-ში. დანარჩენი ნუმერაცია ან მოსასვენებელი ოთახისაა, ან დამატებითი მომსახურების იგივე სერვისებზე). (რამით მეტნი არიან ვითომ?) 5) გადასვლისას თან უნდა გქონდეთ აზერბაიჯანული მანათი, წინააღმდეგ შემთხვევაში მანქანას ვერ გადაიყვანთ. არ იკითხოთ საიდანო. მეც არ ვიცი. რომ გადახვალ ადამიანი, მერე შეგიძლია დაახურდავო, აბა თბილისში წამლად ვერ ვიშოვე. (რამით მეტნი არიან ვითომ?) გადავედი და ბენზინი ჩავასხი მანქანაში. რამდენი ხანია მრიცხველზე ლიტრაჟის მაჩვენებელი რომ უსწრებს თანხის მაჩვენებელს არ მინახავს :) (რამით მეტნი არიან ვითომ?) შემდეგ კი აზერბაიჯანული სიღრმისკენ წავედი. მგზავრობისას ადამიანი მიხვდები სად მთავრდება საქართველო და იწყება აზერბაიჯანი. მაგრამ გამაოცა იქაური ადამიანების სიმდიდრემ (სულიერზე არ გესაუბრებით, მატერიალური და ვიზუალურია შთაბეჭდილებები). ადამიანებს ყავთ ავტომობილები საბჭოთა (ყანაში სასირბილოდ) და მერსედესი (სტუმრად ან სადმე წასასვლელად). იშვიათად ნახავთ ოპელი იყოს, არც თუ ისე შეძლებული ოჯახია (მაგრამ 2 მანქანა მაინც დგას სახლთან). (რამით მეტნი არიან ვითომ?) უკან გადმოსვლისას მანქანის საბუთები უცებ გავატარე. აი პრობლემა უკვე ჩემი რეგისტრაციისას დაიწყო ვიღაც ჯარისკაცმა. პასპორტი გამომართვა და უაზროდ მაცდევინა სანამ ბეჭედს ჩამირტყავდნენ. ამან ბუნებრივია ჩემი აღშფოთება გამოიწვია, რადგან ჩემი მანქანა უკვე ყველაზე წინ იდგა, ხოლო რეგისტრაციებს სხვები გადიოდნენ. ბოლოს მესაზღვრემ მთხოვა მანქანაში ჩავმჯდარიყავი. ასეც მოვიქეცი და სანამ საბაჟოს უფროსი არ მოვიდა, არც მანქანიდან გადმოვედი და არც მანქანა დავძარი. მოკლე დასკვნით - ფული უნდოდათ. რას მივცემდი რაც არ მქონდა :) (რამით მეტნი არიან ვითომ?) მოვადექი საქართველოს საზღვარს. დიდი რიგი იდგა გასასვლელებთან. შემეძლო მეთხოვა პატრულისთვის და გავეტარებინე, მაგრამ მე სხვა რამემ დამაინტერესა და მოთბინებით შევხვდი ჩემს სასჯელს (რაც მიახლოებით ცოტნე დადიანის და თაფლის მსგავსი იყო). შევნიშნე, რომ საქართველოს მხრიდანაც არ იყო ცოტა რაოდენობის მანქანა მომდგარი "კარიბჭეს". ერთი ცოტა უფროსი გამოვიდა გარეთ და ნეიტრალურში რომ ამდენი მანქანა დაინახა ბრძანებასავით გასცა მოკლე ფრაზა, მესამე შემოსასვლელი მიახმარეთ ნეიტრალურიდან მანქანების გამოსაყვანადო. ვიღაცამ ხიდზე მდგომი ავტომობილები დაანახა, უფროსმა კი "სულ არ მკიდია შემოვა თუ არა ტერიტორიაზე ის მანქანა, ესენი გამომაყრევინეთ გარეთო". რამით მეტნი არიან აზერბაიჯანელები ქართველებზე მსგავსი რომ არ გამიგია იქეთ? მაგარი აბდაუბდა გამოვიდა მგონი, მაგრამ კითხვა მაინც ღიად დამრჩა: რამით მეტნი არიან აზერბაიჯანელები ქართველებზე?

воскресенье, 22 апреля 2012 г.

პრო, პროპაგანდა, პაგანდა...

არაფრით გამორჩეული ფილმიც პროპაგანდაა - ვთვლი მე. და რაც უფრო ვუღრმავდები ამ თემას მით უფრო ვხვდები ამ ფრაზის სიმართლეს. ჩემს ბავშვობაში კინოფილმის ნახვა ან კინოთეატრში იყო შესაძლებელი და ან ტელევიზორში, გადაცემა "ილუზიონი"-ს საშუალებით. კინოთეატრში ძირითადად ბოლივუდის ფილმები იყო. მახსოვს კინოთეატრ "კოლმეურნე"-ს აფიშებზე "ზიტა და გიტა" რომ გამოვიდა დახევრად დაიცალა დეზერტირების ბაზარი. იშვიათად რამე მელოდრამა ან გასართობი ფილმი გასულიყო და დარბაზიც აივსებოდა ხალხით. თუ არადა ივსებოდა შეყვარებულებით იქაურობა და ვის აინტერესებდა ფილმი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში უყურებდა თ არა ვინმე ამა თუ იმ ფილმს, ამას მნიშვნელობა არ ქონდა. ფილმი თავის საქმეს მაინც აკეთებდა. უკვე მერამდენე წელია ჰოლივუდი შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში და ნაირნაირი რეკლამებით თუ საქციელით ამდიდრებს ჩვენს ცნობიერებას. ვიდეოს გამოჩენამ გადარია საქართველო. ერთი ნაწილი იყო რომელსაც ვიდეო ქონდა, ხოლო მეორე ნაწილი იყო რომელსაც ვიდეო შეიძლეა ქონდა, მაგრამ სხვას ამის გამო აპატიმრებდა. 25-26 წლის წინ მე სახლში მქონდა ვიდეო და რასაც მინდოდა (რა კასეტასაც ვიშოვიდი) იმას ვუყურებდი. მეც გამრყვნეს ასე ვთქვათ, თუმცა ზოგიერთებმა გადამასწრეს. მახსოვს ფილმი "ერთხელ ამერიკაში" ახალი გამოსული იყო და იარაღი გაჩნდა უბანში, უფრო სწორედ უბანი მერე გახდა, ეზოში გაჩნდა. ვის რაში ჭირდებოდა არავინ იცოდა. მე ეს ფილმი დღესაც არ მაქვს ნანახი, არ მიყვარს ზოგადად ეს ფილმი. მაგრამ რაზეა და როგორია ნამდვილად ვიცი. ჩემი ეზოს მსგავსად მეორე ეზოშიც გაჩნდა იარაღი, აბა ხომ არ ჩამოგვრჩებოდნენ. ეს ეზოები უკვე საპატრონო უბნებად იქცა და ასე გაგრძელდა მთელ თბილისში. შედეგმაც არ დააყოვნა, გამიზნულად შემოყარა КГБ-მ ვიდეოკასეტები აგრესიული ფილმებით, ომებით და კაცის კვლით გაჯერებული, არ დაივიწყეს სექსი, გინება და ნარკოტიკი. ყველაფერი ავისრუტეთ და დღეს შედეგებს ვიმკით. ბიჭები, ვისაც იარაღი ქონდა, უმეტესად დაიხოცნენ. მხოლოდ ერთეულები არიან ცოცხლები. გოგოების უმეტესობა შესაძლებელია ქალიშვილია, მაგრამ სექსი უკვე ბევრჯერ ქონია (მე არ მაქვს გართულება ქალიშვილობის ინსტიტუტზე, შეიძლება არ იყოს ადამიანი ქალიშვილი, მაგრამ მაინც პატიოსნად ცხოვრობდეს). ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ახალგაზრდული სექტები რომლებიც, თვითონაც არ იციან რას ემსახურებიან, რატომ კლავენ კატას, ძაღლს თუ ღორს. არ შეიძლება აქ ორი სიტყვა არ ითქვას ტელევიზიაზე. პარლამენტმა ადრე მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ეთერში გასულ ფილმს ასაკობრივი ცენზი უნდა ედოს, მშობელი კი თავისი შეხედულებით აარჩევს აყურებინოს თუ არა შვილს ესა თ ის ფილმი. დღისით ისეთი ფილმები გადის, რომელთაც ცენზურა 12, 15, 18 წლამდეც კი აქვთ. ღამით კი უმეტესად "U" (Unlimited) აწერია. რომელ ჭკუათმყოფელს მოსდის თავში არ ვიცი, მაგრამ ეს საქმე გამოსასწორებელია. დღისით "U" და ღამით ის შეზღუდული გაუშვი და ყველაფერი დალაგდება ადგილზე. თორემ ჩვენი ახალგაზრდები მეორედ აიღებენ იარაღს ხელში და ისევ შენ დაგიმიზნებენ მთავრობის წევრო. იფიქრე ამაზე თუ გინდა, ადამიანი ფიქრისთვისაა შექმნილიო ბატონმა ჭაბუამ ბრძანა და მართალიც არის...

четверг, 19 января 2012 г.

მედიცინა, სახელმწიფო და ბედნიერი პრეზიდენტი

ეს არ არის პოლიტიკური ნაშრომი. აქ არ არის ვინმეს ძაგება ან ქებათ–ქება და ხოტბის შესხმა. ეს არის გააზრებული კრიტიკა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჯანდაცვის სფეროში თავის ნამოღვაწარს რეფორმად ასაღებს და ხალხის უბედურებაზე ქულებს და ჩინ–მედლებს იმკის. ვფიქრობ, ის რაც მე 6 თვის განმავლობაში ვისწავლე ერთ, საკმაოდ პრესტიჟულ სასწავლებელში, აუცილებელია სახელმწიფო ყველა მოხელემ გაიაროს და ისწავლოს, შემდეგ პრაქტიკაში ნახოს თავის ნამოღვაწარი (გამოსცადოს თავის თავზე) და შემდეგ დაჯდეს კაბინეტში და მიიღოს გადაწყვეტილებები ამა თუ იმ საკითხზე.

ყველაფერი დაიწყო უბრალო თავის ტკივილით. დაზღვეული ადამიანი ასეთი ჩივილებით ექიმთან არ მიდის, მაგრამ როდესაც ტკივილი მეორე დღესაც არ გაქრა (თუმცა წინა დღეს არცერთმა წამალმა არ გაუყუჩა ტკივილი), დარეკა დაზღვევაში და ოჯახის ექიმთან მიღებაზე ჩაეწერა. ექიმმა წნევის გაზომვის შემდეგ (აპარატი ხომ არ იყო გაფუჭებული შემდეგში ეჭვი გაჩნდა) თქვა რომ, წნევა არის 140/90 და თავის ტკივილის მიზეზი ეს არის. მიმართა ნერვოპათოლოგს. ნერვოლოგმა ჩაქუჩის აქეთ–იქეთ ქნევის შემდეგ დაუსკვნა რომ, ძილი არ იყო სრული და წნევა ამის ბრალია. დაუნიშნეს წამლები (50%–იანი დაფინანსებით 27 ლარი (!!!)), რომელთა მიღებასაც ტკივილის გაქრობა არ მოყოლია. მხოლოდ ძილის პროცესი ოდნავ დალაგდა და დილის 7 საათის მაგივრად პაციენტი იღვიძებდა 8–ზე, რის გამოც სამსახურში აგვიანდებოდა ყოველდღე. ტკივილი კი დღითიდღე ძლიერდებოდა და ძლიერდებოდა. ტკივილის მომენტში წნევის გაზომვისას დგინდებოდა წნევა 110/70. 1 კვირის შემდეგ ექიმთან (ჩაწერა ვერ მოახერხა და პირდაპირ მივიდა)ვიზიტისას ექიმი დაპირდა რომ კომპიუტერულ ტომოგრაფიას დაუნიშნავდა. დანიშვნა ნერვოპათოლოგის გარეშე არ შეიძლება, ამიტომ ხვალ მოდიო. მეორე დღეს დაუნიშნეს ტომოგრაფია, ხოლო ტომოგრაფიაზე მისული ჩაწერეს 3 დღის მერე. ამასობაში ტკივილის დაწყებიდან გავიდა 2 კვირა. ტომოგრაფიამ კი დაადგინა კაცობრიობის ყველაზე საშინელი სენი – ტვინის სიმსივნე. ნეიროქირურგმა დროული ჩარევა უშველიდაო, ეხლა ყველაფერი გვიანია და მაქსიმუმ 3–4 კვირა იცოცხლოსო.

მავანნი იფიქრებენ რომ ეს ყველაფერი შეთხზულია, არადა ჩვენს რეალობაში 2012 წელს უკვე მოხდა. ჯანდაცვის სათავეში ფიქრობენ რომ ყველაფერი სწორედ დაალაგეს და რაიონებში გახსნილი სავადმყოფოებით მთელი რესპუბლიკა მოიცვეს, მაგრამ თბილისი ყველას მიავიწყდა. ბედნიერია ჩვენი პრეზიდენტი, ლეჩკომბინატის დონის საავადმყოფოების გახსნით, მაგრამ არავინ კითხულობს შიგნით რა სერვისია, რამდენად დაცულია ადამიანი რომელსაც პახმელია არ ქონია, არ დაულევია და უბრალოდ ატკივდა თავი.

იხარე ჩემო მიშა, როგორც ქართველი ხალხი ხარობს დღეს. შენ ააყვავე ერიო (მეტი არაა ჩემი მტერი)