воскресенье, 11 октября 2009 г.

გია კონტრიძე

კაცი - ძმა
კაცი - მეგობარი
კაცი - ლეგენდა
კაცი - მასწავლებელი
და უბრალოდ კაცი

ამდენი ეპითეტი და არც ერთი ტყუილი, თუმცა ეს ბოლომდე არ არის ის რასაც ეს პიროვნება მოიცავს, მას უნდა იცნობდე და გულით უნდა იყო მასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში მისთვის წყალი ხარ ადამიანი, წარმავალი. მხოლოდ ქვიშა რჩება მასთან, ღირებულს თვითონვე გიპოვის და გაგიგებს ბოლომდე გაიტანს შენსას და შენს გვერდით იქნება.

თავის დროზე რკინა-კავეულის ქარხნის დირექტორი, მაშინაც ჯინსებში გამოწყობილი ცხოვრებისგან სიამოვნებას ღებულობდა და ღებულობს დღესაც, მაშინ კარგი ფულის მშოვნელი და მხარჯველი და დღეს, საკმაოდ მწირე შემოსავლის მქონე, არასდროს წელში გატეხილი არ დახვდება მასთან მისულ ძმაკაცს, ახლობელს თუ შინაურს. მასთან ძმობა ძნელი არაა, მთავარია გულით იყო ღია და თვითონ დაინახავს რა გჭირდება შენ და მაშინ შეგიძლია ჩათვალო რომ, ის რაც შენ გჭირდება და გია კონტრიძეს შეუძლია შენთან არის.
ალბათ სწორედ ამ ნიშნებით ამოირჩია გიამ თავისი შემდგომი თაობიდან 2 ადამიანი, ზურა გამცემლიძე და მე, თქვენი მონა მორჩილი. მე კიდევ პატარა ვარ ჩემს უფროს ძმასთან, ზურასთან შედარებით. ისიც გიას მოწაფეა კაცობაში და დღე ისე არ გავა, გია არ მოიკითხოს, რასაც მე ხშირად ვერ ვაკეთებ. ზურამ თუ თვითონ გაკვალა გიამდე მისასვლელი ბილიკი, მე ცოტა განგებამაც შემიწყო ხელი, მაგრამ საბოლოოდ სავალი გზა მე და ზურას ურთულესი შეგვხვდა.
17 წლის ვიყავი, როდესაც ამ უბანში საცხოვრებლად გადმოვედი და უბანში (მანამდე კორპუსში ვცხოვრობდი და მსგავსი არ მენახა) პირველად ვნახე თბილისური ეზო. გია მაშინ ჩემს ეზოში ცხოვრობდა. ახალი წელი იყო. ეზოში ბიჭები მწვადს წვავდნენ და ფანჯრიდან გავიხედე. ზურამ ამოიხედა და ხელით მანიშნა ჩამოდიო. ჩავედი. ამოსვლა ბუნდოვნად მახსოვს, მხოლოდ მახსოვს როგორ მეძახდა საკმაოდ ხმამაღლა ვიღაცა ყურში:
-ჰაა, ამიგოო, ერთიც ავედით ეგ არის და ეგა ბრატ...
მის და არა ჩემს შემდგომ სიმთვრალეებში მივხვდი ამ სიტყვების ავტორი. მე ზურას ხელის დაქნევით ჩავედი უბანში, უბნის გასაცნობად და გიამ ამომიყვანა. აქვე დავაყოლებ, რომ მამაჩემი და გია ცხოვრების განმავლობაში არასდროს შეხვედრიან პირისპირ ერთმანეთს ამ მომენტამდე, მაგრამ მათი სახელები და გვარები მუდამ ტრიალებდა ერთის მეორეს სიახლოვეს და მეორისა პირველთან. საქმე იმაში იყო რომ, ჯანო და ტოტოშა ბაგრატიონები მამაჩემის მეზობლები და გიას დეიდაშვილები იყვნენ ;)
ბედის ირონია? ალბათ. სახლში ამოყვანის მომენტში გიამ არც იცოდა ვინ ვისთან მიყავდა.
გავიდა წლები, გიას ასაკიც მოემატა და შესაბამისად ორგანიზმიც გაუცვდა, შეირყა ჯანმრთელობა და ორგანიზმი ისე ვერ ჭრის როგორც მაშინ, მაგრამ ეს მხნე კაცი ისე ხალისიანად გამოიყურება, ისე აზარტით აწვება ცხოვრებას, რაგინდ პესიმისტი იყო მაინც ოპტიმისტურად შეგახედებს ყველაფერზე.

93 წელს მე და მამაჩემს მოგვიწია ფოთისკენ წასვლა, საჭესთან გამოუცდელი უნდა დავმჯდარიყავი და "ამხელა" გზაზე დიდი პასუხისმგებლობა ამეღო. სახლიდან გასულებს გია შეგვხვდა. თბილისური ეზოს ტრადიციებიდან გამომდინარე ჩვენი გეზის შეტყობისთანავე გვთხოვა:
-5 წუთი მაცადეთ და მეც წამოვალ-ო. უარს ვინ ეტყოდა, ჰოდა ასე წავედით ფოთისკენ. გზაში ბევრი რამე მასწავლა, როგორ დამეწყო და დამემთავრებინა გასწრება, როგორ მევლო ჩქარა და ეკონომიურად, როგორ მომეჭრა გზა წინ მიმავალი მანქანისათვის და ასე შემდეგ. 2-დღიანი დამქანცველი მოგზაურობის შემდეგ კი არ მეძინებოდა დაძაბულობისგან. აქაც გაისმა ნაცნობი ხმა:
-მეგობარო ამოდი ჩემთან - ავედი. დამიდგა 1 ჭიქა არაყი, მომჭრა 1 ნაჭერი სალა (!) და მეუბნება - დალიე და მიაყოლე, მერე წადი სახლში და დაიძინე.
-რას მიზავს გია 1 ჭიქა, კარგი რა, რას მეკაიფები...
-მიდი - გამამხნევა - 1 ჭიქა მოგიხსნის დაძაბულობას, 1 ნაჭერი მოკლავს შიმშილს, 2 ნაჭერი შეგაწუხებს, ტაკ შტო დავაი...
დავლიე, მივაყოლე და სახლისკენ წამოსული მოაჯირ-მოაჯირ მოვედი სახლში.
ეგეც აქტივში გიას 1 სწავლება.

ამ 3 კვირის წინ ნარდი მასწავლა, მაშინ როდესაც 26 წელია ნარდს ვთამაშობ, თანაც კარგ დონეზე.
ბუქსირით სიარული მასწავლა.
კარგი კაცობა მასწავლა.
დარეკილზე არ შეკითხვა მასწავლა (ამას მგონი გავრცობა ჭირდება: ერთხელ დავურეკე მჭირდებითქო, ჰოდა ეგრევე ჩემთან გაჩნდა. ვკითხე: "რაზე გეძახი იცითქო?", მიპასუხა: "შენ რომ დამირეკე, გამოდის გჭირდები მე, მაშინ მე არ დამირეკავდიო")
ცხოვრებისკენ ლტოლვა მასწავლა
დამპალი ძმაკაცობა დამანახა (არა ჯანმრთელი, არამედ ძირგამომპალი).
და ზოგადად დიდ ცხოვრებისკენ მიბიძგა ხელი.
დიდი როლი მამაჩემს და დედაჩემს მიუძღვის ჩემს აღზრდაში, მაგრამ არანაკლები მიუძღვის ადამიანს, რომელსაც გია კონტრიძე ქვია.

ღმერთმა დაგლოცოს გიო, შენისთანა ხალხმა უნდა იმრავლოს დედამიწაზე, უნდა ბევრნი იყოთ ადამიანის ტალკვესებად და არა მარტო.
მე კი ჩვენი მეგობრობის გასამართლებლად გპირდები: ვიყო შენსავით სამართლიანი


P.S. ვინც ვერ გაიგო რა წერია, მეორედ წაიკითხოს, მესამედ წაიკითხოს. თუ კიდევ გაუგებარი დარჩა რამე, მაშინ მიმართოს სისტემურ ადმინისტრატორს, ან დააბრალოს თავის თავს ;)
ესეც გია, სასწაული ადამიანი