суббота, 29 августа 2009 г.

განსაკუთრებული ქართველები

ტაქსის, ავტობუსის და მიკროავტობუსის მძღოლები
რამდენი რამეა სათქმელი და რა ძნელია რამის თქმა. ადამიანები უდიდესი გაჭირვების შემხედვარენი იძულებულნი არიან უმდაბლეს საფეხურზე იმუშაონ და აკეთონ რაღაც საქმე, ოღონდ ფულის მასა ტრიალებდეს ხელში. მაგრამ დალოცვილო, მაინც აკეთებ და მაინც აკეთებ ხომ? გააკეთე ისე, რომ არავის არ დაჭირდეს შენი ლანძღვა და გინება, არავის არ შეუქმნა საფრთხე და სიამოვნება მიაყენო ხალხს. ის შენი 2 დიპლომი მთლად ტყუილად ხომ არ მოგცეს, ყველა მგზავრს რომ შესჩივი არა? რა უნდა იმის შეგნებას, რომ წითელი იმისთვის არ არის რომ შეგაფერხოს, რომ შენი გზა მაგ დროს არ არის. იმის შეგნებას რაღა უნდა, რომ მგზავრი მესამე ხაზში არ იქნება. ან რა ბედენაა ის, რომ ტუალეტში სახლში მიხვიდე და ქუჩის კუთხეში არ მოითავო.
იმისათვის რომ დედაქალაქში მოწესრიგდეს მგზავრთა გადაყვანის პრობლემა უმარტივესი პროცედურების წყებაა გასატარებელი ქალაქის პოლიტიკაში. მაგრამ ამას ყველაფერს "ფილტვი" ჭირდება, "ფილტვი".


ხულიგანი მძღოლები

"პატრულის დედა..."
"სითი პარკის დედა..."
"ამ მთავრობის დედა..."
"რა დრო დადგა, წითელზე ვეღარ მოხევ ტოოო..."
"დრიფტით მოსახვევში შევედი და პატრულმა გამაჩერა, რა უნდოდათ ჩემგან?..."
და უამრავ ასეთ ფრაზას გაიგებთ ქუჩის ფავორიტი მძღოლებისაგან ხშირად

ქუჩაში გამვლელი, რომელიც ქუჩის უაზრო ადგილზე გადასვლისას მანქანამ გაიტანა
"ჩემთვის გადავდიოდი, რა უნდოდა ჩემგან?" - კიდევ იოლად გადარჩა ამ სიტყვების ავტორი, არაფერი არ ქონდა მოტეხილი, მაგრამ თავისთვის ნამდვილად არ გადადიოდა


თითქმის ერთი და იგივეა ყველგან, ყველანი განსაკუთრებულნი ვართ

суббота, 22 августа 2009 г.

ქართველი და ქართველები

იმისათვის რომ ნათლად დავინახოთ ქართველი ადამიანის ტიპი ავიღოთ პერსონაჟი, შევურჩიოთ სახელი და განვიხილოთ მისი ქმედებანი დროსა და სივრცეში.
სახელად ბევრი ფიქრის შემდეგ შევარჩიე ქართული ფილმიდან "ბატონი ავანტურისტები" პერსონაჟი რომელსაც ბატონი ტრისტან სარალიძე თამაშობს. შესანიშნავი სახელია მე მგონი ბაბადული, რადგან არავის ქვია საქართველოში მსგავსი სახელი და ვერავინ იტყვის რატომ შეარჩიე ჩემი სახელიო. თუმცა მის ქმედებებში შეიძლება თავიანთი საქციელი დაინახონ (რისი შანსიც ნაკლებადაა რადგან ყველა ქართველი სხვის თვალში ხიჭვს ხედავს და საკუთარში დირეს ვერ ამჩნევს. ამ შემთხვევაშიც ბაბადული მსგავსი თვისებით იქნება "დაჯილდოებული".) მავანნმა. ვნახოთ, ეს ნაწერი არ ემსახურება იმას რომ ვინმემ აუცილებლად წაიკითხოს.
ბაბადული ჩვეულებრივი ქართველი ბიზნესმენია, ყავს ცოლი, შვილი და BMW X5. აქვს 5 ოთახიანი ბინა ვაკეში, აგარაკი წყნეთსა და გონიოში, სასტუმრო ქობულეთსა და ალანიაში. მისი ცხოვრების მისწრაფება არის ფული და საზოგადოებაში გავლენა. არის მაღალი, გამხდარი, სპორტული აღნაგობის, წაბლისფერი თმით, ქართული ცხვირით და ცისფერი თვალებით. მისი გარეგნობით არაერთი ქალბატონი თუ ქალიშვილი აღფრთოვანებული დარჩენილა, რითაც არაერთხელ უსარგებლია ბაბადულის.
მისი ცოლი, რომელიც მხოლოდ იმიტომ მოიყვანა, რომ ვიღაცას არ ეთქვა "ბაბადული გეიაო", ულამაზესი მინადორა, ასევე მაღალი, ქერა თმით და მოხდენილი ტანით. მისი სილამაზით ყველა მამაკაცი გაოგნებული დარჩენილა, თუმცა მას აზრადაც არ მოსვლია ესარგებლა ამ გაოგნებებით და ვინმესთვის გაეზიარებინა თავისი სარეცელი, მაგრამ სამაგიეროდ უხვად ღებულობდა საჩუქრებს და ბევრი ისეთი საქმეც მოუგვარებია (ისევ თავისი სილამაზის და გონების წყალობით), რომლებიც ადამიანის გონებას წარმოუდგენლად მიაჩნია.

ბაბადული არასდროს ჩერდება მანქანით წითელ შუქზე, მერე რა რომ შეიძლება ჯარიმა მოვიდეს, მთავარია არავინ გაიტანოს და სხვა ყველაფერი ხომ მოგვარებადია, თუნდაც ის რომ მწვანეზე თავის გზაზე მიმავალმა პერპენდიკულარულად მოძრავმა მანქანამ საკმაოდ ძლიერად დააზიანოს მისი ავტომობილი. ვაი იმ მძღოლის ბრალი, ამხელა მანქანას თუ ვერ ხედავს რა უნდა საჭესთან? ხომ ხედავსის ბეჩავი მძღოლი, რომ ბაბადული მოდის. რაა? წითელზე? არა ძმაო, გახედე შუქნიშანს...

ბაბადული მაღაზიიდან არ აჩერებს შორს. აქ გაჩერება არ შეიძლება? როდის მერე? სულ აქ აჩერებდა და ვინ იდიოტმა აუკრძალა? ააა, ხოო? მაგას ეხლავე დაურეკავს და მისთვის შეიძლება...

ბაბადულის ცოლი არ უყვარს, მინადორა ცოლად იმიტომ მოიყვანა რომ ლამაზია, რომ სხვამ არ თქვას "ეს რა ცოლი მოიყვანაო" და რომ იმ სხვამ თქვას "ვააა"...

ბაბადულის კარგი კავშირები ქონდა წინა მთავრობასთან, კარგი აქვს ეხლანდელთან და უფრო კარგი აქვს ოპოზიციასთან. ყველაფრისთვის მზად არის ბაბადული...

თუ ძალიან გაუჭირდა, ურთიერთობებს მინადორას საშუალებით გამონახავს...

სოფლიდან ჩამოსვლა იყო ძნელი ბაბადულისთვის, თორემ ქალაქში მისთვის ასპარეზი დიდია, დაპირდი ადამიანს და შეუსრულებ თუ არა დანაპირებს ამას ვინ დაეძებს. ამხელა ქალაქში ხომ თითქმის არავინ იცნობს...

вторник, 18 августа 2009 г.

ტრილოგიის ეპილოგი

წმინდა ილია მართლის ეს სამი საგანძური თავიდან ბოლომდე გამოხატავს ქართველთა ხასიათს და განწყობას. ეს სამი რამე თუკი ვიწამეთ ვერაფერი მოგვერევა ქვეყანაზე.
მეც დიდმა გულისტკივილმა გადამაწყვეტინა ამ ასე ვთქვათ ტრილოგიის დაწერა, თუმცა ნაკლებად მაქვს იმედი ვინმემ წაიკითხოს და შემდეგ თავის ცხოვრებაში ეს გაატაროს, გაატაროს ღრმად და არა ზერელედ, გაატაროს გულში და არა სხეულის სხვა რომელიმე ნაწილში.

პირობას აქვე ვდებ, რომ მაქსიმალურად ვიქნები ამ სამი კრიტერიუმის ერთგული, დროის ნებისმიერ მონაკვეთში და დედამიწის ნებისმიერ წერტილში მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში. მაშინ მომყევით ქართველებო და ერთად გადავარჩინოთ ჩვენი საქართველო.

სარწმუნოება

მართლმადიდებელი
მართლის მადიდებელი
დიდება უფალს, შეგვეწიოს მისი ძალა და მადლი

ეს ერთადერთი რამაა, რის გამოც საქართველო და ქართველობა გადარჩა
კვლავაც გადარჩება, მხოლოდ გადარჩება ის რის შენახვასაც შევძლებთ, უნდა გვწამდეს, ძლიერად, ბრმად
და არა ისე, რომ 30 თეთრიანი სანთელი აანთო ეკლესიაში რომელიმე წმინდანის ხატთან და შესთხოვო: "უფალო, ერთი მერსედესი მაყიდინეო". არ გამოვა ასე, არა. მაგრამ განა ადამიანებს, ამ პატარა არსებებს შესწევთ უნარი რომ გაარჩიონ რა უნდა შესთხოვონ უფალს?

1 კვირაა დედა ანასთან დავდივარ, უამრავი ადამიანია რიგში ჩამდგარი, რომ დედაოს დალოცვა მიიღოს და რიგის გასარკვევად ხანდახან ჩხუბიც დაწყებულა. შე დალოცვილო უფლის მიერ გამოგზავნილ ადამიანთან შედიხარ, რომ შენთვის ილოცოს, შენ კი, შენ ადამიანო, შენ ამ დროს რას ჩადიხარ? იქვე სცოდავ და გინდა დედაომ ზიდოს შენი ტვირთი.
დღეს მაინც განსაკუთრებით გავოგნდი და დედაოს ძალაში საბოლოოდ დავრწმუნდი. პირველად წამყვა მამაჩემი და დედაომ იმწამსვე უთხრა რა აწუხებდა მამას.
ამასთან მე რაც მაწუხებდა ის მითხრა და ჩემს წინას კიდევ თავისი პრობლემების შესახებ ესაუბრა. ამ სამი ადამიანიდან არც ერთს არ გვითქვამს ჩვენ რა გვაწუხებდა, დედაომ თვითონ იცოდა.

კიდევ უამრავი სასწაულის თქმა შემიძლია ჩემი განვლილი ცხოვრებიდან, მაგრამ აქ მარტო ჩემზე საუბარი არ ღირს.

Почем опиум для народа? - იკითხეს ოსტაპ ბენდერის პირით ილფმა და პეტროვმა. იკითხეს რადგან მარქსს ქონდა ამაზე თავისი შეხედულება და ზემოხსენებული ბატონებიც მარქსის იდეოლოგიით იყვნენ გაბრუებულნი. ეს შეკითხვაც მცდარია და ეს აზროვნებაც. უფლის შემწეობით ამ აზროვნებაზე აგებული სახელმწიფო დაინგრა და ხალხი ისევ უფლისკენ შებრუნდა (ნუ ფართო მასები მაქვს მხედველობაში, თორემ ზოგიერთს არც შეუცვლია თავისი მრწამსი).


რატომ არ იცვლიდა ქართველი თავის სარწმუნოებას?
მარტივი პასუხი მაქვს მე ამისთვის. ავიღოთ 10 წლის წინანდელი მოზარდი, რომელიც ქუჩაში ბირჟას ამაგრებდა. ბიჭი აწვებოდა შავ სამყაროს, უნდოდა კანონიერი ქურდობა. აბა ეცადა ვინმეს და ის მრწამსი შეეცვალა, ეძაგა რომ ის სამყარო რომლისკენაც ილტვოდა და ვარდისფერ ფერებში ხედავდა იყო ცუდი და ა.შ. რას იზავდა მოზარდი? რასაკვირველია არ შეიცვლიდა თავის აზრს, მრწამს და ურყევი იქნებოდა. ქართველია ბუნებით და იმიტომ (ვფიქრობ შემდეგი ნაკვესი ქართველებზე იქნება). ქართველისთვის ხომ ყველაზე მძიმე მრწამსის გინებაა.
ხოდა ნუ შევუგინებთ ერთმანეთს მრწამსს, ნუ შევაწუხებთ ერთმანეთს ზედმეტად, გვიყვარდეს უფალი ჩვენი და ერთმანეთი. ამას ქადაგებს ჩვენი სარქმუნოება და ვიყოთ მრავალჟამიერ

понедельник, 17 августа 2009 г.

მამული

ლილი ნუცუბიძე

საყვარელო მამულო!

საყვარელო მამულო,
შენს სიცოცხლეს ვფიცავარ
გულმა მხოლოდ შენი მზე,
შენი მიწა იწამა.

შენს გაზაფხულს ვუმღერი,
შენს აპრილს და მაისებს,
კალთას გადაგიკოცნი,
უბეს ვარდით აგივსებ.

მწარე იყო წარსული,
რომ დღეის მზით გეხარა,
ჩემო ტკბილო მამულო,
ჩემო კარგო ქვეყანავ.

გვლეწეს, არ გავილეწეთ
გვწვავდნენ, როდი დავიწვით,
სად ხართ, არაგველებო,
ვაჟკაცებო კრწანისის.

მტერზე წამომართულო,
სააკაძის მახვილო,
დროშავ თამარიანო,
არასოდეს დახრილო.

ბაზალეთის ტბის ძირში,
დარწეულო აკვანო,
მამულისთვის დამწვარო,
გმირო მამა-პაპანო!

ხარაჩოებს სიამით,
თვალს რომ წამში მოგტაცებს,
მაღაროსთან, ბრძმედებთან,
შეჭიდებულ ლომკაცებს.

ვუმღერ ყველა მაიას,
ცოტნესა და მამუკას,
ვისაც მტერთან ბრძოლაში წარბის შეხრა არ უყვარს.

ვუმღერ ყველა ერეკლეს,
ავთანდილს და მზექალას,
ვინც მკერდს გადაუდაფნავს
ნამუსიან ქვეყანას.

აი, ვის გამარჯვებას
და სიცოცხეს ვინატრებ,
მზეო, უფრო გაბრწყინდი,
მზეო, უფრო გვინათე.

მიწა ბარაქიანი,
ოქროსფერი ყანები...
საყვარელო მამულო,
გკოცნი, გეთაყვანები.


ღორეშა ვეღარ მიაყოლა...

აფსუს სერგო ორჯონიკიძე, შენ საფლავში უნდა ლპებოდე? თუმცა ეს ჩემი გასაკითხავი ნაღდად არ არის, უფალმა განსაჯოს შენი საქციელი და დანაშაული საქართველოს და ქართველების წინაშე. რასაკვირველია არც დამსახურებებს დაგიკარგავ, მე ვინმე უბრალო მოქალაქე რას მოვალ შენს რევოლუციურ საქმეებთან.

თუმცა შენამდე ბევრმა სცადა და მეტ-ნაკლებად გამოუვიდა კიდეც.
ვისაც არ დაეზარა ყველანი ანიავებდნენ საქართველოს მიწებს

მე თავად შევესწარი თუ როგორ მიყიდა ხერხეულიძის გვარის კაცმა სომეხს 10 ლარად თავისი წილი საქართველო. ეს ხუმრობა სამწუხაროდ კარგად ასახავს დღევანდელ რეალობას.
რაც ჩაგვაბარეს იმის მოფრთხილების მაგივრად კიდევ უარესს ვაკეთებთ, სულ უფრო და უფრო მეტს ვაკლებთ სამშობლოს. უბრალო მათემატიკაა, მთავრობა დგავს ნაბიჯებს, საპასუხოდ საზღვარი გადმოიწევს თბილისისკენ, მერე მოვა ევროკავშირიდან ვიღაც, შეშფოთდება და მოუწოდებს მავანს ჭკვიანად მოიქცეს, საზღვარი ისევ იქ რჩება და საქართველოს იურისდიქცია იქ აღარ ვრცელდება.

ამ მთავრობას კი ამ დროს მეორე ნაბიჯის გადადგმა უნდა, ხოდა დავდივართ მაინ რიდის "გადამწვარ ტრამალზე", ამასობაში კი საზღვარი თბილისიდან 40 კმ-ზე იყო სამხრეთით და ეხლა ჩრდილოეთითაც 40 კმ დარჩა.

სანამ ჩვენ ახალ ნაბიჯზე ვმსჯელობთ, იქნება ჯობია ვაცადოთ და თვითონ დაჭამონ ერთმანეთი იმ დეფაქტო და დეიურე საზღვარს მიღმა მოწინააღმდეგე ძალამ. თანაც წინასაარჩევნოდ დაპირება, რომ დამიბრუნებ აფხაზეთს და ოსეთს აღარაა მომგებიანი პოზიცია, ამითი უფრო აღიარებას ვაკეთებთ, რომ საქართველოს მოკლებული აქვს ტერიტორიები. ხოდა სანამ ყარსის ხელშეკრულება აუმოქმედებია რუსეთს, გავჩუმდეთ და დავაყენოთ რბილი უკანალები, თორემ ჩვენს უკან აზერბაიჯანი დგას და სამხრეთით სომხეთი. თუ სომხებს საქართველოს ტერიტორიებისკენ უჭირავს თვალი და თბილისის ეკლესიაბის მიტაცებაზე არიან გადართულები, ადვილი მისახვედრი არ უნდა იყოს რა უნდა აზერბაიჯანს ჩვენგან. ამიტომ მოვუფრთხილდეთ ჩვენს ტერიტორიებს, ნუ მოვხრით წელში საქართველოს, ჩვენს უკან აზერბაიჯანია...

воскресенье, 16 августа 2009 г.

ენა

ტრილოგიის "ენა, მამული, სარწმუნოება"-ს პირველი ნაწილი


სიტყვა - ენა
რამდენი რამის შემცველია ეს 3 ასო, რამდენი რამის მთქმელი და ამ დროს მუნჯიც.
1978 წელს სწორედ ქართული ენის შესანარჩუნებლად იყო ამხელა გამოსვლები. თორემ ის რუსული სიტყვები რაც უკვე შემოსული იყო ქართულში და კიდევ შემოდის, ისევ დარჩა ქართულში და დღესდღეობით ძნელია შეიყვანო ავტომობილი პროფილაქტორიუმში (და არა პროფილაქტიკაში) და ქართულად განუმარტო ხელოსანს შენი პრობლემა, მანაც მოგისმინოს და არ გაგაჩეროს და შემდეგ ქართულითვე გიპასუხოს, ან შეგიკეთოს ავტომობილი. რა ვუყოთ პლოცკოს, ატვიორტკას და დრელს? არ შეიძლება გავაძევოთ ისენი და ვიხმაროთ ბტყელტუჩა, სახრახნისი და ბურღი. რატომ ვხმარობთ სალაშინს, როცა სარანდავი გვაქვს? და კიდევ ვამბობთ რომ რუსები არიან ჩვენი მტრები?
არა ბატონებო და ქალბატონებო, ჩვენი მტრები ამ შემთხვევაში ჩვენ თვითონვე ვართ. ამ ტრილოგიის სახელის ავტორმა ისიც ბრძანა თავის დროზე "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეკუთვნოდესო", მაგრამ მაშინ დაიწყება ჩვენი უბედურება. ეხლა სხვები გვეუბნებიან რომელ მხარეს წავიდეთ, რა ვაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ, მაგრამ ეს ყველაფერი რომ ჩვენზე იქნება ისევ დაიწყება მტრობა, შუღლი და შინააშლილობა. ისევ ირბენენ ქართველნი უცხო ქვეყნის მეფის კარზე და მერე ისევ დაიწერება სიტყვები "საფრანგეთს ვთხოვოთ დახმარება, გვიშველისო? სასაცილოა..."
მართლაც რომ სასაცილოა, მით უფრო რომ, ვითომ არაფერი არ ხდება, მაგრამ ჩვენი ენა ძლიერ ტრანსფორმაციას განიცდის და უგუნურთა ხელში საკმაოდ დიდი იარაღია საქართველოს წინააღმდეგ მიმართული. ხშირად გაიგებ ტერმინებს "ეხა" - ანუ "ეხლა" (აქ ქართველებს ასო ბგერა "ლ"-სთან გართულьებული ურთიერთობიდან გამომდინარე ძალით შეცდომა აქვთ ალბათ
"მივდივარ სახში" - ანუ "მივდივარ სახლში", მაგრამ ლ მაინც გამოტოვებულია, ამჯერად ეზარება თქმა ადამიანს და რა ქნას
მთავარია, რომ ჩვენ ენა შევინარჩუნოთ. ამისთვის კი რამოდენიმე ნაბიჯია გადასადგმელი სწორი მიმართულებით, თორემ ისიც ნაბიჯი იყო ბატონ ლევან ღვინჯილიას გადაცემაც რომ დაუხურეს და კომუნისტების დროს მოამბეში გამოყოფილი 10 წუთი რომ წაართვეს.
განათლების მინისტრი რომ სიტყვა "ბავშვი"-ს წერაში შეცდომას დაუშვებს, უკვე შეცდომაა
მალადეც კახა თუ ვინცხა ლომაია შენ, მალьადეც

არადა იოანე ზოსიმე ბრძანებს
"დავიწყებული არს ენაჳ იგი ქართული..."
ქართული ხომ ღმერთების ენაა

დედაქალაქი? მე და ქალაქი

ქალაქი არის ორგანიზმი და მისი მოვლა-პატრონობა სულაც არ არის დაკავშირებული ფინანსურ სახსრებთან.
მახსოვს პატარაობაში, ჯერ კიდევ გაზეთები აუცილებლად რომ უნდა გქონოდა გამოწერილი, მოგვდიოდა სახლში გაზეთი "თბილისი". იგი საინტერესო იყო ფართო მასებისთვის ნეკროლოგებით (რა ახლოა ჩემს ბოლო სამსახურთან ეს სიტყვა). ჩემთვის კი ამ გაზეთს სხვა დატვირთვა ქონდა. მასში იბეჭდებოდა სვეტი სათაურით "სიტყვა საქმიანი". რას ემსახურებოდა ეს სვეტი? რამდენი საინტერესო რამე ეწერა შიგნით. მაგალითად:

-კალინინის ქუჩაზე 4 ლამპიონი ზედიზედ არის ჩამქრალი, ქუჩა ბნელია და სახიფათოა იქ გავლა - ეხლანდელი მკითხველისთვის სასაცილოა ეს ციტატა, მაგრამ მაშინ ორმოებით იყო სავსე იქაურობა და ტრავმის გარეშე იშვიათად სიბნელეში გადარჩენილიყო სტუმარი, თორემ ადგილობრივმა მაცხოვრებელმა იქაური ორმოები ისე ზეპირად იცოდა, რომ სიბნელეშიც კარგად ხედავდა. თუმცა ეს გაფრთხილება არ იყო მოსახლეობისადმი მიმართული. შემდეგი ფრაზით ადვილად მიხვდება მკითხველი თუ რას ემსახურებოდა სვეტი სახელად "სიტყვა საქმიანი".
-ნუცუბიძის პლატოს მე-3 მ/რ-ის X კორპუსიდან არ გააქვთ ნაგავი - შესანიშნავი ციტატაა. უფრო ეს იყო მოწოდება - მენაგვეებო ყველა ქვეყნისა შეერთდით, დაირაზმეთ და ერთად მიდით ნუცუბიძის პლატოზე, მე-3 მ/რ-ის X კორპუსთან და მოაცილეთ ნაგავი სანამ სხვა მენაგვეს ჩამოუვლია და გაუკეთებია თქვენი გასაკეთებელი.

და ასეთი უამრავი იყო. გაზეთი გამოდიოდა კვირაში სამჯერ და თითოში 10 პრობლემა მაინც ეწერა. მე კი არც ერთი არ გამომრჩებოდა და ხანდახან მივდიოდი კიდეც მისამართზე პრობლემის სანახავად.

დღევანდელ თბილისს კი პრობლემები არათუ მოაკლდა არამედ მოემატა.
ძველი უბანი ინგრევა, ახალი უბანი კი - შენდება.
მაგრამ შენდება კარგად და ხარისხიანად?
ვინ არის ის ვინც აშენებული სახლის ჩაბარებაზე ხელი უნდა მოაწეროს? და რომ აწერს ეს ხელმოწერა გარანტია იმისა, რომ სახლი მყარია და ხვალ-ზეგ არ ჩამოინგრევა? რომ ამ ადამიანს ნანახი აქვს ე.წ. დახურული სამუშაოების მიმდინარეობა და იქ ნორმაშია ყველაფერი? 50-იან წლებში აშენებულ სახლებს მსგავსი პრობლემა არ აქვთ. არც 60-იანში და 70-იანის მშენებლობაშიც იშვიათად იყოს ასეთი კაზუსები. მაგრამ 80-იანი წლებიდან ქართველის ფენომენი ასწრებს მოვლენებს და მიწისქვეშა საქმიანობას და სამშენებლო საქმიანობას ერთნაირი გულგრილობით აკეთებს, პრინციპით "არ ჩანს და ვინ გაიგებს".
მიწისქვეშეთი - ეს კიდევ ცალკე ფენომენია ჩემი ქალაქის. აქ არსებულმა წყლებმა ნახევრად მიანგრია ძველი უბანი და არც ამ ახალს დააყრის კარგ დღეს მე ასე მგონია. ჩემი სახლი ნახევრად წყალზე დგას და ამ პრობლემას ახლოს ვარ გაცნობილი.
ცირა ელისაშვილთან დაწერილი რეფერატი ძირითადად მიწისქვეშა წყალს ეხებოდა და ძველი უბნის ძირითადი დამანგრეველიც ეგ არის.

მივხედოთ ქალაქს

SOS




ძალიან დიდი სიამოვნებით ვიქნები ქალაქის მერი, არ მინდა ის მილიონები რაც 1992 წლის მერე ყველა მერმა იშოვა.
არ მინდა მილიონი!!!
მინდა ვემსახურო ჩემს ქალაქს

суббота, 15 августа 2009 г.

პირველი ჩემი ნამუშევარი

მთელი დღე სახლში ჯდომის შემდეგ გადაწყდა
შემექმნა ჩემი აზრების სამყარო


რაც აქამდე მიფიქრია ყველაფერი მაინც გაკეთებულა და ჯერჯერობით კარგი შედეგიც მოუტანია
ვნახოთ აწი რა იქნება