вторник, 10 августа 2010 г.

2008 წლის 7, 8 აგვისტო და მომდევნო დღეები

დავწერ იმას რაც იმ დღეებში თავს გადამხდა (ბევრიც არაფერია, მაგრამ აქ ყოფნაც რომ ადვილი არ იყო იმის თქმა მინდა. აქ მოგონილი არაფერია, ყველაფერი ვეცადე გამეხსენებინა და დღესაც ისევე დავიძაბე, როგორც 2008 წლის 8-ში დილით. მადლობა ეკატერინე-ს შთაგონებისთვის და მერე დახმარებისთვის.

სადაზღვევო კომპანიაში ვმუშაობდი იმ დროს. თავდაცვის სამინისტრო იყო ჩვენთან დაზღვეული და სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობაზე ვზრუნავდით. მე კასკოში (ავტომობილებში, ავარიების შედეგების აღმოფხვრაზე) ვმუშაობდი. ჯანმრთელობის ზარალების მენეჯერიც ჩემს ოთახში იჯდა.
3 აგვისტოს მცხეთაში დაიმტვრა ბმვ–ს მარკის მანქანა და სასწრაფო შეკვეთა მქონდა გაფორმებული ნაწილების გერმანიიდან ჩამოსატანად. 7–ში დამირეკეს მოდი და წაიღეო. აი აქ დაიწყო ჩემი ამ საშინელ დღეებთან შეხების წერტილი და დამთავრდა 12 აგვისტოს სამსახურის წინ ბორდიურზე. თუმცა მივყვეთ მოვლენებს...
შეკვეთის გამოსატანად რომ უნდა წავსულიყავი, მანქანის მფლობელმა დამირეკა და მე წაგიყვანო შემომთავაზა. უარი არ მითქვამს, როცა მოვიდა მანქანაში წინ ვიღაც ბიჭი იჯდა, რომელიც ნერვიულად და ისტერიულად სადღაც რეკავდა ყოველ 2 წამში ერთხელ და ეუბნებოდა მხოლოდ 3 სიტყვას: „ხვალ სამსახურში მოხვალ“, ამ სიტყვებს მოყვებოდა სიტყვები: „არ მაინტერესებს, ხვალ დილით სამსახურში იყავი“. როცა გავჩერდით და ველოდებოდით ნაწილების მაღაზიაში მოტანას, ეს პიროვნება მანქანიდან გადავიდა და მაშინ ვკითხე გიორგის ვინ იყო და რას წარმოადგენდა ჩვენი თანამგზავრი. პასუხად მივიღე რომ მაღალჩინოსანი პოლიციელი იყო და საგანგებო სიტუაცია იყო გამოცხადებული. ერთი მომენტი ვიფიქრე ოპოზიციამ გამოსვლები ხომ არ დაიწყო და ჭურში ხომ არ ვზივართქო (მე ხომ ტელევიზორს არ ვუყურებ). გონებას თვალი გადავავლე და მსგავსი რომ ვერაფერი ვიპოვე მეხსიერებაში გიორგის ისევ ვკითხე: „კი, მაგრამ რაში ჭირდება ეს ხალხი ასე სასწრაფოდ თბილისში?“
გაეღიმა, მაგრამ მაინც აღელვებულმა მიპასუხა:
–ომი იწყება ბაჩო და ეხლა აქედან პირდაპირ მივდივარ ჩემს სოფელში, ერთადერთი კაპიტალი ეს მანქანაა და ამაღამ უნდა ავაწყო, შეუღებავი იქნება თუ არა მაგას არ აქვს მნიშვნელობა, მოძრავი მარტო ეს არის და ჩემს ოჯახსაც ამითი უნდა ვუშველო – გაოგნებისგან 2 წამში გამოვერკვიე და გავიცინე, რას მეკაიფებითქო. აღარაფერი აღარ უთქვამს, მეც ხუმრობად ჩავთვალე და ამ დროს ნაწილებიც მოიტანეს. ის საღამო მშვიდად ჩატარდა, „თაღლაურა“–ში მეგობრებთან ერთად ლუდის სმის დროს გამახსენდა საღამოს მიღებული ინფორმაცია და ვკითხე ბიჭებს რამე ხომ არ იცოდნენ ამის შესახებ. აღმოჩნდა რომ არაფერი, „თუმცა არც არაფერს გამოვრიცხავთო“ დააყოლეს ბოლოს.
8–ში დილით ჩემი ყოფილი ცოლი ბათუმში აპირებდა წასვლას და თან ლუკაც (ჩემი შვილიც) უნდა წაეყვანა თან დასასვენებლად. რასაკვირველია წინააღმდეგი არ ვიყავი, თუმცა მოვლენების განვითარება რომ მცოდნოდა საით მიდიოდა, ამას არ დავუშვებდი.
აი დილაც გათენდა და სახლიდან ჩვეულებრივად წამოვედი, ჩემები მძინარე დავტოვე და ტელევიზორი დისქავერიზე მქონდა ჩართული ჩვეულებისამებრ. ქუჩაში უჩვეულო სიცარიელე იყო, საათი გადავამოწმე, არ შემშლია, სამსახურში მისვლის დრო იყო. მივედი. ოფისი ღია დამხვდა, მაგრამ მხოლოდ 2 ადამიანი იყო სამსახურში. ალბათ აგვიანდებათ – გავიფიქრე და კომპიუტერი ჩავრთე. მოვიდა ჩემი მეწყვილე, ვანიკო. სახეზე შავგვრემანს თეთრი ფერი ადევს. ტელეფონი აიღო ხელში და სადღაც რეკავს.
– მოხდა რამე? – ვეკითხები მე
– ომი დაიწყო – მიპასუხა და გამწარებულმა ყურმილი დაახეთქა ტელეფონზე – ამ ტელეფონებსაც მაშინ მოუნდებათ გათიშვა როცა გჭირდება.
– რა ომი, ღადაობ? – და თავში გუშინდელი ამოტივტივდა.
– ცხინვალში შესულან, ეხლა გორის ტრასაზეაო ამბებიო – თქვა და გავიდა ოთახიდან
ეხლა მე ვეცი ტელეფონს, სახლში დავრეკე და დედაჩემმა ნამძინარევი ხმით მიპასუხა:
– სად წახვედი, მთელი ღამე არ გვძინებია, ამ დილით დაგვეძინა, რა დროს სამსახურია, ომი დაიწყო...
– კარგი, კარგი, ლუკას ხომ არ შეხმიანებიხარ ეს მითხარი, მე არაფერი მომივა ხომ იცი...
– არა, ეხლა შენ გამაღვიძე...
– წავედი... – თუმცა ეს სიტყვა გაიგო თუ არა არ ვიცი. მობილური ამოვიღე ჯიბიდან და ვანიკოს საქციელი გამახსენდა, ამან თუ ვერ დარეკა, მე როგორღა დავრეკავ? მაინც ავკრიბე შვილის ნომერი და გავიდა.
– ლუკა სად ხარ? – გული ლამის გამისკდეს პასუხის მოლოდინში (10–ის ნახევარია).
– ეხლა გორს ვუახლოვდებით – მიპასუხა ლუკამ და მოაყოლა – როგორ ხარ მამი?
– კარგად ვარ მამი – რაღა კარგად, შვილი, 7 წლის ბავშვი ომშია და მე აქ რა მინდა? ფეხები თავისით მოიკეცა და ახლომდგომი სკამი თვითონ მოძებნა ორგანიზმმა – როგორ მიდის მგზავრობა? –ჩავეძიე მე, რამე შარში ხომ არ არიან გახვეულები მაინტერესებს.
– კარგად მა, მალე ჩამოვალ არ ინერვიულო...
– არა, არ ვნერვიულობ, დედაშენი დამალაპარაკე – ძლივს მოვაბრუნე ენა და მთელი ძალა მოვიკრიბე, რომ დავლაპარაკებოდი. ეს იყო ერთადერთი მომენტი როცა მე არაფრის თავი არ მქონდა, აქედან დაწყებული ბოლომდე მობილიზებული ვიყავი და მზად ვიყავი ყველაფრისთვის. რეზერვისტობაზე ჩემი ტრავმის გამო დამიწუნეს ადრევე, ომში არ ვივარგებდი, მაგრამ ზურგში ყველაფერი შემეძლო.
– ბატონო, – გაისმა ტელეფონში ქალის ხმა
– სად წახვედი, რა დროს ბათუმია ქვეყანა იქცევა, სად წაიყვანე ბავშვი? – უცებ მივაყარე კითხვები, - ომია გორთანო, ტელევიზორში საომარი მოქმედებების სიუჟეტებს აჩვენებენ, მანდ რამ წაგაყვანინა ბავშვი, შენ რაც გინდა ის ქენი, მაგრამ ლუკას თმის ღერი არ გავარდეს გესმის შენ? – შემეტყო აღელვება (ან რა გასაკვირია) და ხმაც ამეწია თავისით
– მე ვიცი რასაც ვაკეთებ და აქ არაფერია მსგავსი, არ ვიცი რას აჩვენებენ ტელევიზორში და არც მაინტერესებს – ამ სიტყვებს წყვეტილი ზუმერი მოყვა. მერე ტელეფონიც გამორთული იყო.
ოთახში განყოფილების უფროსი შემოვიდა, გაფითრებული და შეშინებული სახის გამომეტყველებით:
– თენგომ (მთლად უფროსმა) დამირეკა და ასე თქვა, ბიჭებმა (მე და ვანიკომ) ისეთი მიკროავტობუსები იშოვნონ უკან სავარძლები რომ არ ქონდესო.
„იფფ, როგორი საქმეა, მასეთი ვისაც ყავს ეხლა ოჯახის ნივთებით ექნება დატვირთული“ – გავიფიქრე და თავი დავუქნიე. ხმა არ ამომიღია, გარეთ გამოვედი. თანამშრომლები ტელევიზორს არიან მიციებულები. კარგს არც ეს ყუთი ამბობს, თუმცა ერთი კარგი მაინც თქვა: „ჩვენი ჯარი პოზიციებს არ თმობს, პირიქით უტევენ და ცხინვალი ჩვენიაო“ ცოტა გამეხარდა, თუ საქართველოს გამთლიანება მანდედან იწება, კი ბატონო, არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ... მაგრამ... თუ ეს ინფორმაცია მხოლოდ იმიტომ არის ასე დალაგებული, რომ ხალხმა სიმშვიდე შეინარჩუნოს? აბა წეღან გორშიაო ამბებიო? აირია ინფორმაციები. ლუკა არ მომატყუებდა. ისევ ტელეფონი, „აბონენტი გამორთულია ან გასულია“... წადი შენი... გავთიშე ტელეფონი. ვანიკო გამოჩნდა კარებში (ეტყობა სიგარეტის მოსაწევად იყო გასული), ეგეც თავისას ნერვიულობს, საცოლე ყავს ბათუმში, აგერ ირაკლიც, ამის ცოლიც ბათუმშია და მშვიდად არის. გამოდის დიდი არაფერიც არ ყოფილა – თავში გადაება ანალიზები ერთმანეთს.
ვანიკომ „წავიდეთ, საქმეს მივხედოთო“ და წავედით. დედაჩემმა დარეკა, ხომ კარგად ხარ რას აკეთებო. ნერვიულობს არ გავეპარო სადმე, ძნელია დედისერთობა.
ბევრი ვიტრიალეთ მე და ვანიკომ მანქანების საშოვნელად. ვერაფერი ვნახეთ. დიდუბის მეტროსთან შევუხვიეთ და რაღაც „გაზელი“ იდგა. მივაყენე მანქანა და ვეკითხები:
– უკან სკამები გიდგას?
– არა.
– შენ გეძებდი ზუსტად – ჩემთვის ჩავილაპარაკე და მანქანიდან გადმოვედი. იმ მანქანის მძღოლი დაიბნა, კაბინაში მარტო იჯდა. მივუახლოვდი და ვეუბნები:
– თავდაცვის სამინისტროსთვის თქვენი მანქანა გვჭირდება, ტელეფონის ნომერი ჩამაწერინე და მერე დაგიკავშირდებით – ზრდილობიანად მივმართე და მგონი მისი გული მოვიგე, თან სანამ კითხვას დამისვავდა დავასწარი – დაჭრილებია გადასაყვანი – რეალურად არც მე ვიცი რა ხდება, ჩემი ვარაუდია, მაგრამ რას დავეძებ, მთავარია 1 მანქანა მაინც ვნახო.
– ბენზინი ჩამისხან და არ მინდა არაფერი, მე თვითონ გავყვები და გამოვაყვანინებ, მე თვითონ ცხინვალელი ვარ და წუხელი ჩამოვედი იქედან, ოჯახი ჩამოვიყვანე – მიპასუხა ომარმა – თან ისეთი შესასვლელებიც ვიცი, აქ არავის ეცოდინება, მე იქაური ვარ.
– აგაშენა ღმერთმა, ნომერი მომე... – „ცი“ აღარ მაცადა ომარმა
– 899 ** ** **, საღამოს დარეკავ თუ დილით?
– არ ვიცი, დაგირეკავ ომარ.
მერე გამახსენდა რომ ისეთი მანქანები იმ პროფილაქტიკაში იდგა სადაც ჩვენი დაზღვეული მანქანები კეთდებოდა. მივედით. პროფილაქტიკის პატრონმა რომ გაიგო რაში იყო საქმე 2 მანქანა გამოვა ამ 3 ცალიდანო და ცოტა დრო დამჭირდება გადავაწყოო. უფროსებს გავაგებინეთ სამი მანქანა გვყავს და საქმის კურსში ჩაეყენებინათ დამკვეთები.
მთელი დღე სიმართლე ვერ გავიგე. ხან ცხინვალი ჩვენებმა აიღესო, ხან დავკარგეთო. ეხლა გორშიაო ამბებიო, ეხლა ეს დაიბომბაო, არა, არ დაბობმბილა ყველაფერი კარგად არისო.
თუ გორში რამე ხდება, აუცილებლად ეცოდინება შალვას, ჩემს მეგობარს. შალვა, წყალწმინდის დასახლებაში ცხოვრობს გორში, გორიდან ცხინვალში მაგის სახლის გავლის გარეშე, ვერ მოხვდები. რადგან მანქანებს ველოდებით, დრო ვიხელთე და შალვასთან ვრეკავ, თან მე და ვანიკო ვსაუბრობთ რა იქნება სიმართლე და რა ტყუილი. შალვას სახელი წამომცდა.
– ვინ შალვაზე ამბობ? – ჩამეძია ვანიკო, ვუთხარი გვარი და სახე გაეხსნა, – ეგ ჩემი ნათესავია, ტელეფონზე მეც ვრეკავდი და გამორთული აქვს. მაგათიც არაფერი ვიცი...
ისევ შიმშილი ინფორმაციული. საღამოა, ინფორმაციის გარდა საჭმელიც კარგი იქნებოდა, ვის ახსოვს, ნერვები დამეგლიჯა. რეკავს ტელეფონი, ლუკაა (მადლობა ღმერთს) ჩავედი ბათუმში ვარო. ცოტა ამოვისუნთქე.
გამზადდა მანქანები. წავედით? კი მაგრამ სად? არ ვიცით. ეს ჰალსტუხიანი ხალხი (სამსახურში ჩაცმის შეზღუდვა გვქონდა და მე და ვანიკოს გამოწკეპილი სიარული აუცილებლობას წარმოადგენდა) თუ გაგვიშვეს ფრონტის ხაზზე დაჭრილები წამოიყვანეთო... აი სიმართლეს იქ გავიგებ, მაგრამ მიშვებენ? არ ვიცი, ისევ გაურკვევლობა. დედაჩემი რეკავს, გადაცდა სამსახურს, სადა ხარ ვნერვიულობო. დავამშვიდე ავარიაზე ვარ და არ მელოდო, გვიანობამდე არ მოვალთქო. მივალ რო? არც ეგ ვიცი. ისევ ზარი ტელეფონზე, ამჯერად ვანიკოსი, დედამისია, იგივე ზუსტად რაც ჩემთან იყო. დაკიდა, ისევ ზარი, ამჯერად უფროსია, თავდაცვის სამინისტროსთან მიიყვანეთ მანქანები და მოგნახავენო, თან ნომრები ჩაიწერა მანქანების. ომარის დავურეკე. დავიბარე სადაც უნდა მივსულიყავით და დავიძარით. არ აღმოჩნდა დანგრეული „ფორდ ტრანზიტის“ ტარება ადვილი, მაგრამ ამას ვინ ჩივის. მივედი უზნაძის მხრიდან. ძალიან ხალხმრავლობაა, რა ხდება ნეტა? მანქანის გასაჩერებელიც არსად არის, რომ რამე გავიგო და ვინმეს ვკითხო, ალბათ ჯარისკაცების მშობლები არიან, არც ერთი ნაცნობი სახე. ჯარისკაცი არ მიშვებს სამინისტროსკენ. ავუხსენი სიტუაცია, მივეცი ვიღაცის ნომერი, იმან დაუდასტურა და გამატარეს. მერე ორი ძალიან დიდი (მე რომ გამიკვირდება, კალათბურთელს) ვიღაცეები მოვიდნენ, დაქოქეს მანქანები და წავიდნენ.
„აბა გავიგოთ, ვინ არიან ამდენი ხალხი“ გამიელვა თავში და იმწამსვე მოვიდა ინფორმაცია: „რეზერვისტები ვართ, წუხელი მობილიზაციაზე გამოგვიძახეს, გორში ჩაგვიყვანეს, მოგვაწყვეს, მერე თვითმფრინავმა გამოიფრინა და რაღაცეები (ბომბები) გადმოყარა, გამოვიქეცით, მეთაური დაგვეკარგა“ ერთმანეთს არ აცდიდნენ პირტიტველა ბიჭები, ცოტა მოზრდილები ხმას არ იღებდნენ. „დედა აქა ვარ, დედა!“ – გახარებულმა დაუძახა ვიღაცა ბიჭმა დედას. 9 მაისის კადრები გამახსენდა.
სახლამდე 2 ნაბიჯია, იყოს მანქანა იქ და ხვალ წამოვიყვან. მარჯანიშვილზე „პოპულთან“ შავი „ვოლკსვაგენი ტუარეგი“ გაჩერდა. მე კართან ვდგევარ და იქედან გადმოსულმა ვიღაცა ქალმა შემასწრო მაღაზიაში. 1 პური ავიღე და სალაროსთან მივედი, წინ ის შესწრებული ქალია და ხელში 3 წუთიანი სუფებით სავსე კალათა უჭირავს. პანიკაშია ქალი. ალბათ კაციც, რომელიც მანქანაშია. 10 წუთი მოუნდნენ ამ სუფების დათვლას. მშვიდად ვიყიდე პური და დაღლილი სახლში მივლასლასდი, მეგონა დავისვენებდი, მაგრამ წინ უარესი მელოდა.

ეზოში მეზობლად ცხოვრობს (მაშინ ახალი გადმოსულები იყვნენ) ახალბედა ცოლ–ქმარი 1 პატარა შვილით. ქმარი სამხედრო საჰაერო დაცვის ოფიცერია. რასაკვირველია გაწვეული იყო და ცოლი არ ვიცი როგორ ახერხებდა დარეკვას ასე მალ–მალე, 5 წუთში ერთხელ წიოდა და კიოდა. მიახლოებით შევეცდები გავიხსენო მისი სიტყვები, წაიკითხეთ გურული ქცენტით:
– მოდიან, აგერ არიან ა, მცხეთასთან
– არავინ არსად არ მოდის და დამშვიდდი – ვამშვიდებ მე, ჩემი სიმშვიდე ოჯახშიც გადაედოთ და ამის მერე ჩემს ოჯახშიც არ ყოფილა პანიკა
– ნუგზარიმ დარეკა – ისევ გურულად – გამოარღვიესო ჩვენი პოზიციებიო, აკრიფეთ რაც გაგაჩნიათ და წადითო, სად წავიდე – პანიკობს ქალი
– თუ მოვლენ ჩვენ მაინც არ შეგვეხებიან – ვამშვიდებ ისევ და ვცდილობ დავიძინო. და ასე 2 საათამდე მაწვალა. მერე დაწყნარდა.
ღამით რეკავს ომარი, „ეს სად გამომიშვიო“. გაოგნებულმა ძლივს გავარკვიე ვინ იყო. და ის 2 მოვიკითხე თან რომ გაყვნენ. ესენი აქ არიან, მაგრამ ამათ არაფერი იციანო. დავრეკე უფროსთან, იმან კიდევ ზევით, იმან თავდაცვაში, მისცეს ამ კაცის ნომერი და გაარკვიეს სადაც უნდა მისულიყვნენ, მაგრამ დაჭრილების მაგივრად იქ სხვა სურათი დახვდათ. ამაზე კიდევ დარეკა ომარმა და ძლივს დავამშვიდე.
9 აგვისტოს მთელი დღე ტელეფონზე ვიყავი დაკიდებული. სატელევიზიო ინფორმაციას არ ვენდობოდი. რასაც ვგებულობდი ვაჯამებდი და გამომქონდა დასკვნები (არც თუ მცდარი) თუ რა ხდებოდა საქართველოში. იქ ერთი მეგობარი ცოლის ჩამოსაყვანად წავიდა ბორჯომის ხეობაში, იქ მეორე ნაცნობი იყო სადღაც გორთან, მესამე მცხეთიდან შემომეხმიანა და ასე შემდეგ. მთელი დღე საშინელებები ისმოდა. ტრასა ხან დაკეტილი იყო და ხან გახსნილი. გორი ჩვენი არ არის, ონშიც რაღაცა ჩამოუგდიათ, გამგებელმა არაო (ჩემი ახლო მეგობარი იყო მაშინ გამგებელი). მომატყუა.ვანიკოს და ირაკლის ბათუმში უნდათ წასვლა დებთან. ესეც კიდევ ერთი შარი. ვერ ვაკავებ. საღამოს ჯანმრთელობის მენეჯერმა დამირეკა ვიღაც ჯარისკაცია აჭარაში გადასასვენებელი და რაღაც მკითხა. პასუხი გავეცი და გონებაც განათდა. რა მოხდება თუ ამ ჯარისკაცის ცხედარს გავაყოლებ ბიჭებს? კიდევ კარგი ამდენი მოვიფიქრე. ხვალ დილისთვის მზად უნდა იყოს ყველაფერი. ავმოქმედდი ისევ. სასწრაფო დახმარების მანქანა მოვძებნე, მძღოლიც ვიპოვე რომ გაყვეს, ბიჭებიც მზად არიან, ხვალ დილით ღუდუშაურის ეზოში ვიკრიბებით ყველანი.
ღამე ისევ კოშმარი, ისევ პანიკა, ისევ ჩემი გამოსვლები აივნიდან. უკვე ნერვები მღალატობს. ისეთი შეგრძნება მაქვს ამ ქალს რაღაცას მოვწევ. ცოტა ხნის შემდეგ დედაჩემი მაღვიძებს, ქუჩაში გადი და ის ქალი მოაბრუნე უკანო. კითხვაზე: „სად წავიდა?“ მიპასუხა სადაც გაუშვიო. გამახსენდა ეზოში მეტროზე რომ ვთქვი „ბომბაუბეჟიშჩე“–ათქო. რუსულ ეკლესიასთან დავეწიე, მაგრამ არ წამომყვა, მაინც ჩავიდა და დაკეტილი დახვდა.
10 აგვისტო
დილა. კატასტროფის ცენტრის ეზო. თითქოს ყველაფერი მზადაა გასამგზავრებლად. ნებართვა არ არის. გზაზე უსაფრთხოების გარანტია არ გვაქვს. 3 საათამდე მზეში დაყუდებული ვდგევართ და ველოდებით. 3–ზე ნებართვაც მოვიდა, სასწრაფო დახმარების და ირაკლის მანქანა მზად არის. წავიდნენ. მგონია მორჩა ყველაფერი. სარკოზიც ჩაერთოო საქმეში. ვნახოთ, სიმშვიდე მინდა, ლუკას ველაპარაკე, ვინ გადამიშვებს საზღვარზე, პასპორტი არ მაქვსო. გამეღიმა. მაინც ვერ ვისვენებ. როგორ იქნება აწი? რა იქნება აწი? დაგვიბრუნებენ ჩვენს მიწას? გოგოტიშვილის სიუჟეტები მაინც არ მენახა. სადაც უნდათ და როგორც უნდათ ისე დადიოდნენ ტანკები. მოსახლეობა არ აუწიოკებიათ, კარგი შეღავათია. აბა რად უნდათ ამხელა ტექნიკა რომ შემოყარეს? სახლიც გამოჩნდა. ვანიკომ დარეკა გზიდან ტრასის გასწვრივ ტყე იწვის და ისეთი სიცხე შემოდის კონდენციონერი რომ არა ალბათ სიცხისგან მართლა მოვკვდებოდიო, მეგონა შუშა შემომასკდებოდა სახეშიო. კარგია თუ არ ისვრიან მაინც. რეკავს ტელეფონი, ბორჯომის ახალდაბიდან შეტყობინებაა დაზღვეულ მანქანაზე და თქვენს ჩამოსვლას ითხოვენო. სასწაული თუ გინდა. გაგანია ომია, რა დროს იმის მანქანააა? ვანიკოა წასული და შეუხვიოს ახალდაბაში. ვანიკო ამაზე იცინის, წეღან ველაპარაკე და ვერაფრით დავარწმუნე რომ ფორს-მაჟორია, სადაზღვევო შემთხვევები არ მიიღებაო. ღამით აჭარიდან დარეკეს ბიჭებმა, კიდევ კარგი მართლა გაგვაყოლე ამ ცხედარსო. მისამართი არევია სამინისტროს, სახეში იყო დაჭრილი ცხონებული და არ იცნობოდა სახეზე. ქობულეთში სადაც მივიდნენ იმ სახელის და გვარის ცხოვრობდა ვიღაც და ომში იყო წასული, პირველი შეცხადების მერე ტანად ვერ იცნეს ჭირისუფლებმა და ამ დროს მათმა შვილმაც დარეკა, კარგად ვარო. მერე ვიღაცას გაუხსენებია, ქვევით ცხოვრობს მაგ სახელის და გვარის ბიჭიო. იქაც იგივე და ბოლოს ხულოს რაიონში უპოვიათ შემთხვევით ამ ცხედრის ჭირისუფალი ბიჭებს.
სახლში ვარ, ისევ პანიკა ეზოში. ისევ მიმართვა ხალხზე ჩემი მხრიდან, დასტურად გოგოტიშვილის სიუჟეტები მომყავს, არ ერჩიან მოსახლეობას. ისევ მინდა დავიძინო, საღი გონება მინდა, გავერკვე იქნება და მძინავს და სიზმარია ეს ყველაფერი. უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევ ვინ რას ამბობს. მაგრამ ჯერ სადა ვარ. კარის მეზობელმა შემოაღო კარები და ქუჩის გადაღმა ფანჯრიდან გაგონილი შემოიტანა ჩვენს სახშლში:
– სიენენმა გადმოსცაო, ვლადიკავკაზიდან აფრინდნენ ბომბდამშენები და გამანადგურებლები, აქეთ მოფრინავენო. - გავეყარე ბალიშს, ავდექი, გამოვედი სასტუმრო ოთახში და მშვიდად ვამბობ:
– რომელი ქვეყნის საჰაერო ძალები მისცემს სიენენს მასეთი ინფორმაციის გავრცელების საშუალებას?
– კადრები აჩვენესო...
– მითუმეტეს გადაღების საშუალებას...
– შენ გაიხარე, როგორ დამამშვიდე, ჩემი შვილი კი (ფოტოკორესპონდენტია) გორიდან ამ დილით ჩამოვიდა და რომ დადო ბალიშზე თავი ჯერ არ გაუღვიძია.
– აცადე ეძინოს, ცოდოა, გადაღლილი იქნება - და ცოტათი ლელასი მშურს კიდეც რომ ძინავს.
დავწექი. უეცარი შხუილი, პატარა თოფის დუპლეტივით ხმა, ისეთივე ყრუ (ჩემთან ასე გაისმა) და ფეხზე ვარ.
- დედა მომეჩვენა თუ რამე ხმა იყო?
- ხმა იყო, შორს იყო ეტყობა, ახლოს რომ ყოფილიყო უფრო დიდი ხმა იქნებოდა, დაწექი, მოეშვი და მოისვენე - ადვილია სათქმელად. ზუსტად მივხვდი სად იყო ნასროლი და რას ერჩოდა იმ რადარს ის რუსი პილოტი. მაგრამ ხალხმა ეს ასე ადვილად არ თუ ვერ გაიგო. ქუჩაში გამოვედი. მარჯანიშვილის ქუჩის ბოლოს ყველა მამაკაცი გარეთ იყო და ერთმანეთისგან ცდილობდნენ გაეგოთ რა მოხდა და როგორ წამოვარდნენ საწოლებიდან. ახალციხის ქუჩისკენ გადასასვლელ ქუჩაზე ავედი, ლამპიონები არ მაძლევდნენ საშუალებას ზუსტად გამეგო რა მოხდა. სიბნელეში ვარ და ვიყურები მახათას მხარეს, ცეცხლი ანთია, ესე იგი არ შევმცდარვარ. ჩამოვედი უბანში და ამბავი მოვიტანე. დამშვიდდნენ. დაიშალნენ, რაღაი არ გვერჩიან მშვიდობიან მოსახლეობასო.
ისევ ტელეფონი, ამჯერად სახლის. დანიურის უკან მცხოვრები ნათესავები არიან, სახლები დაგვაცლევინეს, ბავშვების დასაძინებელი არსად არისო. ამოვიდნენ.

11 აგვისტო ისე გათენდა თვალი 15 წუთით მაქვს მოხუჭული. სამსახურში მაინც მივედი. ცოტანი ვართ. ამ საშინელი უიკენდის გახსენებას მირჩევნია 15 მანქანა ერთად გავაკეთებინო ხელოსანს, მაგრამ არ არის მანქანა და არის გახსენებები. უერთგულესი მეგობარი მირეკავს ბათუმიდან. თბილისში რა ხდება, ეხლა გამოვდივარო. 3 მანქანით წამოვიდნენ. ამან გამოიარა გორი, 15 წუთში მეორე მანქანა ურეკავს ხაშურში მიგვაბრუნესო და მანგლისი-წყნეთის გავლით ჩამოვიდა, მესამე მანქანა გააჩერეს რუსებმა, გადმოსვეს და დატოვეს ტრასაზე ქართველები. ჩემი უსიამოვნებები ამით არ დამთავრებულა იმ დღეს. ფოტოკორესპონდენტისგან საყვედური მივიღე, თუ იცოდი რაც მოხდა ვერ გამაღვიძე და წამიყვანე იქ სადაც ეგ მოხდაო?
ჩემი შვილი კი, ეხლა მიზეზი აღარ მახსოვს რატომ, ხულო-ხელვაჩაური-ახალციხე-მანგლისი-წყნეთის გზით ჩამოვიდა. დილით გამოსული, საღამოს 12 საათზე ძლივს მივიდა სახლში.
საღამოს როცა ყველაფერი მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად დამთავრდა, გამახსენდა რომ ამ ქვეყნად არსებობს სიგარეტი. არ ვეწეოდი, მაგრამ ამ სტრესსაც ვეღარ ვუძლებდი. სამსახურთან იქვე ბორდიურზე ჩამოვჯექი და მოვუკიდე. ყველაფერი უკან იყო.

1 комментарий:

  1. ჰმ, რა საშინელი დღეები გამოვიარეთ... წარმომიდგენია, ბავშვზე როგორ ინერვიულებდი :(
    ჩემს ლუკას კი, მაშინ 6 თვის იყო, საბავშვო ეტლში აბაზანაში ვაძინებდი, იმის შიშით, რომ ფანჯრები არ ჩამსხვრეულიყო, იქ თითქოს დაცულად მყავდა... თუმცა დაცული არაფრიგან ვიყავით.. :(

    ОтветитьУдалить