воскресенье, 20 января 2013 г.

ქალური ბედნიერება

ეკას დაბადების დღეზე ბევრი მეგობარი მოგროვდა. იყვნენ კლასელები, კურსელ-ჯგუფელები, მერე შეძენილები, სამსახურის მეგორები და ზოგიც მეზობელი. მხიარულად გაიარა დღემ და საღამომ, მაგრამ ეკას სული ერთმა სიტყვამ ააფორიაქა. "გისურვებ ქალურ ბედნიერებას" ჩაესმოდა ყურებში და ეს ხმა მეორდებოდა ყოველ წუთს და ყოველ წამს. მყისვე მიაგებდა შეკითხვას "კი, მაგრამ რა არის ქალური ბედნიერება?" და ისევ მონოტორულად "გისურვებ ქალურ ბედნიერებას" რეკდა ყურებში, რასაც მოსდევდა შეკითხვა და ისევ პასუხი. სტუმრები ჯერ კიდევ მასთან იყვნენ სახლში და უკვე მარტოობა უნდოდა, მოიწყინა და ფიქრი ვერ გააგდო თავიდან. ოქროს მედალზე სკოლის დამთავრება ისე არ გახარებია, რამდენადაც ინსტიტუტში ადვილად მოხვედრა გაეხარდა. ხუმრობა ხომ არ იყო ამდენი ფულიანი ძიასთვის და ამდენივე ან უფრო მეტი უტვინო თავისთვის უნდა ეჯობნა გამწლიკულ 17 წლის გოგონას. მესამე კურსის სესიებზე გიორგი გაიცნო. მაღალი, ახოვანი, ლამაზი ყმაწვილი. ბიჭიც არ იყო გულგრილი და ეკასაც მეტი რა უნდოდა. როდესაც გაიგო გიორგის გრძნობების შესახებ მაშინ ფიქრობდა რომ ძალიან ბედნიერი იყო, იმაზე მეტად ბედნიერი იმ ძებს რომ აჯობა და ინსტიტუტში ვიღაც გამოთაყვანებულის მაგივრად აუდიტორიაში შეაბიჯა. სიყვარული ლოგიკურად, ქორწინებით დასრულდა. ბედნიერების კიდევ ერთ საფეხურზე ადგა ფეხი. მეორე საფეხურმაც არ დააყოვნა და ქორწილიდან ათი თვის შემდეგ ლევანი გაჩნდა ოჯახში. პარალელურად ინსტიტუტში მეხუთე კურსიც დახურა და სამსახურში ჯერ სტაჟირებით ხოლო შემდეგ მუდმივ სამუშაოდ ლუდის ქარხანაში გაუშვეს. წითელ დიპლომიან ეკონომისტს ყველა ღიმილით შეხვდა, რადგან თვლიდნენ ფულით მოწყობილმა რა უნდა იცოდესო. ეკას გამჭრიახობამ და საქმის ცოდნაზე მალევე ალაპარაკდნენ, თუმცა მალევე დეკრეტულმა შვებულებამ ჭორიკნების ენები ცოტა ხნით მოასვენა. ოჯახს კიდევ ერთი წევრი ქეთევანი შეემატა. უკვე ფიქრობდა რომ ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა ყოფილიყო, ერთმა შვილმა ფეხი აიდგა და ტიტინი დაიწყო, მეორემ კი "აღუ" თქვა. ამ დროს კი რომელიღაც მეგობარი "ქალურ ბედნიერებას" უსურვებს. "მაშ კიდევ არის ბედნიერება? სად არის? რანაირია? რა არის ქალური ბედნიერება?" სამსახურში მეორე დღეს გაფაციცდა და თანამშრომელთა ყველა სიტყვას ზომავდა, ცდილობდა ის ბედნიერება სადმე, ვინმეს თვალებში დაენახა და ამოეკითხა, მაგრამ ქარხანაში ქალები მაინც შეზღუდული რაოდენობით იყვნენ და ბედნიერებასაც არავინ გამოხატავდა. ამასობაში ქვეყანაც აირია და სამაჩაბლოს, თბილისის, აფხაზეთის და სხვადასხვა ომებმა თუ შეიარაღებულმა ფორმირებებმა ეკას ოჯახსაც დაატყვეს მსუბუქი კვალი. გიორგი დაიჭრა მძიმედ და საავადმყოფოში მოუხდა მთელ ოჯახს გადასვლა. იქედან დადიოდა ლევანი სკოლაში, ხოლო ქეთევანი საბავშვო ბაღში. გიორგის ტრეპანაცია ორჯერ დაჭირდა. თავიდან ტყვიას ტვინის რამოდენიმე ნახვევიც მოყვა და მეხსიერების ნაწილი წაიღო. ეკას თვალები ჩაუცვივდა გადაღლილობისგან, მაგრამ წიგნებში ამოკითხული ქალების მსგავსად მედგრად იტანდა ყველაფერს. თვითონვე ხუმრობდა "ოთარაანთ ქვრივი ვარო". ამ ამბებს სამსახურის დახურვა მოყვა, ოჯახს კი სარჩო საბადებელი ჭირდებოდა, როდემდე უნდა ყოფილიყვნენ ეკას და გიორგის დედ-მამებზე დამოკიდებულნი, იმათაც თავისი გასაჭირი ქონდათ. პატარა ფირმა ჩამოაყალიბა და საქმეს ჩაუდგა სათავეში. ლევანიც სკოლაში წავიდა და ოჯახმაც ცოტა შვებით ამოისუნთქა. ეკა ფიქრობდა "ეს არის ალბათ ბედნიერება, ამ გადასახედიდან რა მარტივი რამეები გამივლია და ბედნიერად ვგრძნობდი თავსო". ლევანის სკოლის ბანკეტზე ეკა სიხარულისგან ბრწყინავდა, შვილი წამოესწრო და მალე გვერდში ამოუდგებოდა. ასე ფიქრობდა ეკა, მაგრამ ხიფათს არ ეძინა. ეკას მამის გასვენებაში მანქანა რომელშიც ლევანი იჯდა ავარიაში მოყვა და ტრეპანაცია ამჯერად ლევანს დაჭირდა. ისევ საავადმყოფოში დაბრუნებამ გიორგიზე ცუდად იმოქმედა და შიზოფრენიის ნიშნებით მოათავსეს ასათიანზე მდებარე კლინიკაში. ლევანი მალე მოვიდა გონზე და საღ-სალამათი დაუბრუნდა ცხოვრებას, მხოლოდ მამის მდგომარეობა აფიქრებდა ძლიან. ეკამ ფირმა უფრო გამართა და რკინიგზასთან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ფინანსები ოჯახისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა უკვე, მაგრამ ბედნიერება და მითუმეტეს ქალური არსად ჩანდა. გიორგი კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ მუდმივ მეთვალყურეს და წამლებს საჭიროებდა. ამ მოვლენების პარალელურად ქეთევანმა სკოლა დაამთავრა და დედის მსგავსად დამოუკიდებლად მოეწყო ინსტიტუტში, ხოლო ლევანმა ულამაზესი გოგო ითხოვა ცოლად. ლია კარგი დიასახლისი და მზრუნველი რძალი აღმოჩნდა, მაგრამ რძლის და დედამთილის ერთად ცხოვრება ლამაზად არ მიდიოდა. ლევანმა სხვა ბინა იყიდა და ცალკე გადავიდა თავის ოჯახთან ერთად. ეკას შვილი ხელიდან გამოეცალა და დაპირებული ბედნიერება არსად ჩანდა. ლევანის ბავშვი ჯერ არ ყავდა და ამაზე დარდი ცალკე აწუხებდა ქალს. ცალკე თავისი ქმრის მდგომარეობა, ცალკე ფირმა და მასში მომუშავე ადამიანებზე ზრუნვა არ ასვენებდა. ქეთევანი ხომ ეკას სუსტი წერტილი იყო. მას რომ რამე შემთხვეოდა ეკა დარწმუნებული იყო რომ თავს შეაკლავდა ვინც არ უნდა ყოფილიყო დამნაშავე. ამდენზე ფიქრმა ეკას სახეზე პატარა, მსუბუქი ასაკობრივი კვალი დატოვა, მაგრამ მის სილამაზეს ვერაფერი დააკლო. ერთხელაც თავისი კლასელის ძებნისას ინტერნეტში ვიღაცის გამოგზავნილი შეტყობინება გადაიკითხა. თავაზიანად უპასუხა რომ სხვაგან მოხვდნენ. კიდევ ერთი შეტყობინება მოვიდა, რომელიც ეკას აუწყებდა, რომ სხვაგან არ მოხვდნენ და მას სწერდნენ, იცნობდნენ და შეხვედრას სთავაზობდნენ. რამოდენიმე უარის და დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ შეხვედრა შედგა. ეკა უკვე ორმოცს გადაცილებული, მაგრამ კარგად შენახული, ხოლო მამაკაცი 35-36 წლის კლასიკური აღნაგობის, ისე გამოიყურებოდნენ ადამიანს ეგონებოდა ერთმანეთისთვის არიან დაბადებულიო. როგორც გაირკვა, ეკასთან ქარხანაში მუშაობდა მუშად, შემდეგ კი ბიზნესი დაუწყია და საკმაოდ წარმატებულიც. პირველ პაემას მნიშვნელოვანი არაფერი მოუტანია. მეორე და მესამე შეხვედრის შემდეგ კი ეკა თავის თავთანც უძლური იყო არ ეღიარებინა, მობეზრდა გიორგის სიგიჟეები, მუდმივი ფიქრი ლევანზე, სამსახურზე და ყველა ვალდებულებაზე. მიხვდა რომ ასე გაგრძელება მალე მწყობრიდან გამოიყვანდა ჯერ ნერვებს და მერე ჯანმრთელობას. მთლიანად მიენდო ალექსის. ერთ დილით სარკეში თავის თვალებს წააწყდა, ეშმაკურად უციმციმებდა, რაღაც ახარებდა, მაგრამ სიხარულის მიზეზს ვერ ხვდებოდა სანამ ალექსის არ შეხვდა და მაშინ დაუარა ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა, მიხვდა ეშმაკუნების ყმაწვილქალობაში გაქრობის და ეხლა ახლიდან გაჩენის მიზეზებს და ბევრიც არ უყოყმანია, თვითონვე შესთავაზა ქალაქგარეთ გასეირნება ალექსის. სახლში დაბრუნებული ქეთევანს მოეხვია და მშვიდად დაიძინა... და უეცრად თითქოს წარსულიდან ამოხეთქა დაბადების დღეზე წარმოთქმულმა სიტყვებმა "გისურვებ ქალურ ბედნიერებას". ეს არის ის? ამას ელტვოდა მთელი ცხოვრება? ნაბიჯ-ნაბიჯ საფეხურები და ბედნიერების ძებნაში მიღწეული წარმატებები კარიერაში და პირად ცხოვრებაში? და ყველაფერი ამაო ხდება როდესაც გულის კარნახი და ერთი მალული გრძნობა შემოდის სხეულში.

Комментариев нет:

Отправить комментарий