вторник, 19 февраля 2013 г.

შვილ(ებ)ი

შოთიკო, ზურა და გაგა ერთ დღეს ერთ სამშობიაროში 3 საათის განმავლობაში დაიბადნენ. ერთმანეთისგან შორს არ იზრდებოდნენ და ამიტომ ერთ კლასშიც მოხვდნენ, მერე ერთად "ისწავლეს" (თუ იწვალეს) ინსიტუტშიც და სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სიტუაციაში გარდაიცვალნენ. თუმცა ბავშვობიდან წამოვყვეთ...

ბავშვობა
შოთიკო
უდარდელი, განათლებული, მაგრამ მოთავხედო ტიპი იყო. მისთვის სულ ერთი იყო თაგვი მოკვდებოდა ეზოში თუ მეზობლის ბაბუა, რომელიც კანფეტებით ამარაგებდა უბნის ბავშვებს.სკოლაში მისვლის დღიდან მისი გვარი დაეკერა ყველა მასწავლებელს პირზე და სკოლის დამთავრების დღემდე ისმოდა მათი გამკივანი ხმით შოთიკოს გვარი.

ზურა
დინჯი, წყნარი, გაუნათლებელი და ზრდილობიანი. მისთვის მთავარი საზრუნავი იყო მამის მანქანა და მუდმივად მას დასტრიალებდა (თუ ახლომახლო ამ ტრიოს რომელიმე წევრი არ ჩანდა). სკოლაში სწავლით არ უსწავლია, მაგრამ ბიზნესის ნიჭით იყო დაჯილდოვებული. არაფრისგან ფულის შოვნის შანსს ხელიდან არ უშვებდა და ლამის ნიავის წამოქროლებაზეც ფულს აკეთებდა.



გაგა
გულიანი, ზრდილობიანი, განათლებული და ერუდირებული, ყველაფრის ნიჭით დაჯილდოვებული. მისი ხელიდან ყველაფერი გამოდიოდა, ველოსიპედის შეკეთებიდან, რადიომიმღებით დამთავრებული აკეთებდა ყველაფერს, ეგ იყო, ტელევიზორს ვერ მოუხერხა ვერაფერი.



ტრიო მერვე კლასში იყო, როდესაც შოთკომ მარბოროს კოლოფი ჯიბიდან ამოიღო და გაგას მიაწოდა. გაგამ უარის ნიშნად ხელუკუღმა გააწევინა გვერდზე, ზურა კი ხარბი თვალებით მიაშტერდა მოწითალო კოლოფს, მერე 2 ღერი ერთად ამოიღო, ერთი უფროსებივით ყურზე ჩამოკიდა და მეორე პირისკენ გააქანა. სიგარეტს ცეცხლის ალიც მოყვა და კმაყოფილი ხველების ხმებიც ზეცისკენ წავიდა. გაგა პირველად მაშინ მიხვდა რომ რაღაც გაქრა მათ ცხოვრებაში.
მათი ცხოვრებიდან ბავშვობა დაიკარგა სამუდამოდ.

სტუდენტობა
შოთიკომ სიგარეტისგან მალე მარიხუანის, შემდეგ კი ნარკოტიკის დამოკიდებულება შეიძინა, ზურა მარიხუანას არ გაცილებია, გაგა კი სპორტულ აღნაგობას ინარჩუნებდა და დილაობით დარბოდა. ცოლიც მოიყვანა და მალე შვილიც შეეძინა.
ზურა მამის მანქანიდან თავის მანქანაზე გადაერთო. მთელი ცხოვრება ფული საიდან მოდიოდა არ იცოდა და არც აინტერესებდა. პირველი ავარიიდან მანქანის მხოლოდ 1 საბურავი ვარგოდა. თვითონაც უკვირდა ცოცხალი რომ გადარჩა.. შოთიკოს მანქანის შესამოწმებლად გავიდნენ ტრასაზე, როდესაც წინიდან მომავალ სატვირთო მანქანის ბამპერს თავისი მანქანის გვერდითა უკანა ნაწილი მიარტყა, დააბზრიალა მანქანა და კაპოტზე სატვირთოს ბორბლებმა გადაიხრიგინა. ამ ჯართიდან ამომძვრალმა კი უდარდელად ჩაილაპარაკა: "ხვალ ახალს ვიყიდიო" და დიდაც არც უფიქრია რის ან ვისი შრომის ფასად მოდიოდა ეს ყველაფერი. უბრალო ზეინკლის შვილს ან ამდენი საიდან უნდა ქონოდა.
ამ ამბიდან 2 კვირაში შოთიკო დისკოტეკაზე წავიდა, ნარკოტიკმა და სასმელმა დიდი დატვირთვა მისცა ორგანიზმს და მთავარი აორტა გაითიშა. შედეგად რეანიმობილში ნახევრადცოცხალი, თუმცა უკვე სასიკვდილოდ გადადებული შეასვენეს.
ზურა კი თავისი ახალი მანქანით ჩქარა სიარულს არ ეშვებოდა. ფორყუნას კი მისი გამოცდები მობეზრდა. მაღალი სიჩქარით ხიდზე გადასვლისას წინა საბურავი გასკდა და ზურა წყალში მანქანიანად მოისროლა. მისი დაკრძალვა შოთიკოს ორმოცს დაემთხვა.

გაგა 2 მეგობრის დაკარგვის შემდეგ თავის თავს აღარ გავდა. რის გამო დაიკარგა ეს 2 ძვირფასი ადამიანი მისი ცხოვრებიდან - თვითონაც ვერ გასცა ამ კითხვას პასუხი. 2 დედისერთა, 2 ნებიერა და მხოლოდ ცივი ქვები სასაფლაოზე.

გაფრთხილდა, დაფრთხა, სიკვდილის ნაბიჯების ხმები ესმოდა ყველგან სადაც გაიხედავდა. მძინარე შვილს მივარდებოდა ხოლმე და გადაეფარებოდა შეშლილი სახით. ექიმებმა უიმედოდ გაუქნიეს გაგას ცოლს თავი, დიაგნოზი ყველაზე მძიმე აღმოჩნდა მოსასმენად. შიზოფრენია.
დაავადებამ ნელანელა გამოჭამა გაგა, მადა დაეკარგა და ზურაბის წლისთავზე თვითონაც ბავშვობის მეგობრების მოსანახულებლად წავიდა და უკან დაბრუნებული არავის უნახავს.

Комментариев нет:

Отправить комментарий